22-12-2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სამი პირი: 1971 წელს დაბადებული ე.მ., 1987 წელს დაბადებული ს.მ. და 1976 წელს დაკავებული ზ.ქ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, ზ.ქ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიციამ დაკავებულების მიერ გაყიდული 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 9 შეკვრად დაფასოებული ე.წ. "სირეცი" ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.