გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებს

13-09-2019

ახალგორში ნებისმიერი მიმართულების მოძრაობაა აკრძალული. არსებული ცნობით, 2 ადგილობრივს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

არსებული ინფორმაციით, ახალგორი შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგეს. ტერიტორიაზე 6 სექტემბრის შემდეგ ვერ შედის საკვები და მედიკამენტები.

ერთ-ერთი ადგილობრივი ცხინვალის საავადმყოფოში გულის შეტევით იმყოფება. ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა და ვითარება შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგორის გამგებელი არსებული ვითარების განხილვის მიზნით "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს ესაუბრა.

ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, პრობლემა მწვავეა.

"მარინა გულნაზი ქენქაძე სამი კვირის წინ გადაიყვანეს ცხინვალში. იქ არანაირი პირობა არ არის, რომ უმკურნალომ. ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, ავადმყოფი არ გადმოიყვანეს.

მე პირადად ვესაუბრე "წითელი ჯვრის" რეგიონულ ოფისს. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნაა, რომ მკურნალმა ექიმმა უნდა დადოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ავადმყოფი საჭიროებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას.

ადგილზე უმძიმესი მდგომარეობაა. მოსახლეობა საოკუპაციო და სეპარატისტული რეჟიმების ტყვეობაშია", - განაცხადა ახალგორის გამგებელმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, იგი ჟენევის თანათავმჯდომარესთან შეხვედრისას ახალგორის საკითხს აუცილებლად განიხილავს.

"მაქვს შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარესთან და მთავარი საკითხი იქნება ახალგორის მიმართულების გადაადგილების უზრუნველყოფა.

ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის კრიზისული მდგომარეობა მოსახლეობისათვის. ისინი სასიცოცხლოდ საჭიროებენ ამ გადაადგილებას. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს, სრულ იზოლაციაშია", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930