25-09-2019
მიმდინარე წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 687.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი - კაცი.
საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 646.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები კი პერსონალზე - 2 458.5 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.8 პროცენტით მეტი).
საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი).