25-02-2018
მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში დღეს „საერთაშორისო ამნისტიამ“ წარმოადგინა. საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად ასახავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თვალსაზრისით ვითარებას მსოფლიოში, წელს 159 ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რეალობის შესახებ აკუმულირებული ინფორმაცია წარმოადგინა.
დისკრიმინაცია, დევნილები, ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, გამოძიების სათანადოობა, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, არჩევნები, მედიის თავისუფლება, რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და კიდევ ბევრი სხვა – ეს ის თემებია, რომელთა შესახებ დოკუმენტში შეფასებებია მოცემული.
„ამერიკის ხმა“ „საერთაშორისო ამნისტიის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს ლევან ასათიანს ესაუბრა: „საქართველოს ნაწილში საუბარია „რუსთავი-2“–ის საქმეზე, რაც განხილულია ორ ჭრილში. პირველი ესაა წუხილი სასამართლო–დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და მეორე – მედიის მრავალფეროვნებასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ანგარიშში ასახულია ტენდენცია ულტრამემარჯვენე ჯგუფების მობილიზების თაობაზე - 2017 წელს თბილისში ქსენოფობიური და ჰომოფობიური ხასიათის მსვლელობები ვიხილეთ. ასევე საუბარია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის კუთხით დისკრიმინაციაზე“.
არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება, არამედ გეო–პოლიტიკური კონტექსტიც მნიშვნელოვანია შეფასებების გაკეთებისას. საქართველოს ირგვლივ არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდება.
ლევან ასათიანი ამბობს: „საქართველოს გარშემო რეპრესიულ პოლიტიკის მორევში მყოფ ქვეყანათა წრე შეიკრა, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვა უცხო ხილი გახდა, სამწუხაროდ, 2017 წელს. ამ ვითარებამ საქართველოზეც იქონია გავლენა, რასაც მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და აფგან მუხთარლის საქმეები ადასტურებს“.
ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, რომელთაც „საერთაშორისო ამნისტია“ ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თაობაზე გამოყოფს, ხმაურიან დაკავებებს, გაუჩინარების შემთხვევას ეხება, რაც საქართველოს იმიჯთანაა პირდაპირ კავშირში.
„რეგიონის შიდა ტენდენციაა ის, რომ ბევრ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისთვის, ფაქტობრივად, სასიკვდილო აღმოჩნდა 2017 წელი. ბუნდოვანი ეროვნული ინტერესის საფუძვლით, ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებების დამცველების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. თურქეთში, მაგალითად წლის ბოლოსთვის 100–ზე მეტი ჟურნალისტი იყო დაკავებული და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანას უსწრებს. ხელისუფლების კრიტიკა, ფაქტობრივად, გაქრა თურქული მეინსტრიმული მედიიდან. აზერბაიჯანში ათობით ჟურნალისტი მთავრობის კრიტიკის გისოსებს მიღმა რჩებოდა, მათ შორის საქართველოდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. რუსეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები დაფიქსირდა, რასაც აქციის ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაკავება მოჰყვა. დღე არ გავიდოდა, რომ ნავალნისა და ხოდორკოვსკის მომხრეებზე თავდასხმისა თუ დაშინების შემთხვევები არ დაშინების შემთხვევები არ დაფიქსირებულიყო. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახა საქართველოზე“, -ამბობს ლევან ასათიანი.
ანგარიშის პრეზენტაციაზე განცხადება გააკეთა „საერთაშორისო ამნისტიის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი დენის კრივოშეევმაც: „საქართველო მიიჩნეოდა უსაფრთხო ადგილად ადამიანებისთვის, ვინც დაცვას საჭიროებდა, განსაკუთრებით პოლიტიკური ემიგტანგებისთვის აზერბაიჯანიდან. შოკისმომგვრელი იყო მისი მოტაცებისა და აზერბაიჯანში გადაყვანის ამბავი“.
პრეზენტაციას 19 თებერვალს გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული მუსტაფა ემრე ჩაბუქიც ესწრებოდა, რომლის გადაცემას საქართველოს თურქული მხარე სთხოვს. „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, იგი თურქეთში შესაძლოა არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებაროს: „ამნესთი ინთერნეშენალის“ ხელმძღვანელი საქართველოში ჩემი დიდი მხარდამჭერი იყო და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას. ჩემი დაკავების პერიოდში იგი, სახალხო დამცველის აპარატთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ჩემს გვერდში იდგა“.
რუსული სამხედროების ქმედებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ანგარიშის ერთ–ერთი შემადგენელია. ლევან ასათიანი ამბობს: „ანგარიშში საუბარია რუსეთის ფედერაციის ჯარების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, კერძოდ, მავთულხლართების გავლებასა და თხრილების გაკეთებაზე, რაც იქ ჯერ კიდევ მცხოვრებ ადამიანებს საარსებო წყაროს გარეშე ტოვებს. იზღუდება მათი გადაადგილების თავისუფლება, არ აქვთ წვდომა სახნავ–სათეს ნაკვეთებსა და ბაღებზე, რაც მათი ყოველდღიურ შემოსავალს წარმოადგენს“.
„საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან.