2-10-2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გახსნეს.
გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვახტანგ გომელაურმა ელიზაბეთ რუდს მადლობა გადაუხადა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც აშშ-ის მთავრობას შეაქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, როგორც სახმელეთო საზღვრის, ასევე, სანაპირო დაცვის განვითარებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის და მათ წარმატებები უსურვა.
„სასაზღვრო მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან დავიწყეთ ახალი სექტორების მშენებლობა, დღემდე რამდენიმე ათეული სექტორი და სამმართველო აშენდა. ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენს პარტნიორებს. ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სანაპირო დაცვის განვითარების მიმართულებით. თითქმის მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ სანაპირო დაცვა გვყავს და ამით ვამაყობთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ახალი სექტორები მდგომარეობას შეუმსუბუქებს მესაზღვრეებს, რომლებსაც მართლაც მკაცრ პირობებში უწევთ მოვალეობის შესრულება. მე რამდენიმე სექტორში ვარ ნამყოფი, უმეტეს მათგანში, 2013-2014 წლებში, როდესაც ვიყავი კურატორი მოადგილის რანგში, ასევე, მინისტრის რანგში. მართლაც, მძიმე კლიმატური პირობებია. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კიდევ დამატებით ავაშენოთ სექტორები“, - განაცხადა შენობის გახსნის ცერემონიაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
„ჩემთვის დიდი პატივია, მინისტრ გომელაურთან ერთად გავხსნა ეს სასაზღვრო პუნქტი აქ, „ხრიანში“. ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაქვს სასაზღვრო პოლიციასთან და ვამაყობთ, რომ უკვე 9 ერთობლივი პროექტი დავასრულეთ აშშ-ის მთავრობის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მეშვეობით. ეს პარტნიორობა ძალიან კარგია იმიტომ, რომ იგი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ დიდ წვლილს შეაქვს გლობალურ და რეგიონალურ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.
სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა, სექტორის ახალი შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე, ის ძველი შენობა დაათვალიერეს, სადაც მესაზღვრეებს ამ დრომდე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება უწევდათ.
სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2450 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-თურქეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.
მშენებლობის პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.