26-02-2018
ერთ-ერთ უცხოურ საიტზე წავიკითხე სტატია - "საოცარი მცენარე კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის". სტატიაში ეწერა, რომ ამა და ამ ექსტრაქტით ბულგარეთში კიბოს მკურნალობენ და უფრო მეტიც - ამ ექსტრაქტის გამოყენება 100-პროცენტიან გარანტიას იძლევა, რომ სრულიად განიკურნოთ როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც და ეს სულაც არ არის გამოგონილი ზღაპარი.
საუბარია საქართველოში ფართოდ გავრცელებულ მცენარეზე - ანწლზე. მას ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იყენებდნენ კუჭ-ნაწლავის მოსაწესრიგებლად (ფაღარათის დროს).
კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობის რეცეპტი მარტივია და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ ექსტრაქტით მომაკვდინებელი სენისგან განიკურნენ... იქვე მისი მომზადების წესიც იყო მითითებული:
ანწლის კენკრის მარცვლები ჩაყარეთ მშრალ, სუფთა მინის ჭურჭელში, ფენა-ფენა, დაახლოებით 1 სმ კენკრა შემდეგ შაქარი და ასე შემდეგ, ვიდრე არ მინის ჭურჭელი ბოლომდე არ გაივსება. დადგით 1 თვე გრილ ადგილას. შემდეგ მიღებული ექსტრაქტი უნდა გაიწუროს და დღეში სამჯერ უნდა მიიღოთ (ერთი სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ), ხოლო ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ 150 გრ. გამოხდილი წყალი. მკურნალობის კურსი 45 დღეა. ერთი თვის შემდეგ ისევ გაიმეორეთ. სამი ასეთი სეანსის შემდეგ სატკივარი ქრება.
აღნიშნულ რეცეპტთან დაკავშირებით ექიმ-თერაპევტს, თამარ მამაცაშვილს დავუკავშირდი. იგ ხალხური რეცეპტების კრებულის - "კარაბადინის" ავტორია, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" მთავარი რედაქტორი:
"რამდენიმე წყარო მართლაც ადასტურებს, რომ ხალხური მედიცინა ანწლს იყენებს, როგორც კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მცენარეს.
ზოგადად ეს არის დიდგულა, იგივე ანწლი, რომელიც მიჩნეულია როგორც ოფლმდენი, შარდმდენი, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ღვიძლის პათოლოგიების სამკურნალო საშუალებად.
თუმცა, ბულგარეთის ხალხური მედიცინა, მას სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად მოიხსენიებს. დადებითი შედეგები ძირითადად კუჭისა და კანის კიბოს დროს დასტურდება, მაგრამ ინტერნეტსივრცეში ადამიანები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განკურნების შემთხვევებსაც ადასტურებენ. ამასთან, საინტერესოა, რომ ონკოლოგიური პაციენტები განიკურნენ როგორც ოპერაციამდელ, ისე ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაშიც. ანწლის გამოყენება ხელს არ უშლის ონკოლოგების მიერ დანიშნულ მკურნალობას. მის პარალელურად შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ. აუცილებელია სამი კურსის ჩატარება. ნებისმიერი მკურნალობისას კი შედეგი ინდივიდუალურია (ასევე იქნება დიდგულას გამოყენებისასაც).
- კურსში კონკრეტულად რა იგულისხმება?
- რეცეპტში მითითებულია, რომ 3 სეანსი უნდა ჩატარდეს, ანუ 3 კურსი...
- ბუნება საოცრებებს ახდენს...
- ზოგადად ნებისმიერი დაავადების წამალი შეიძლება ბუნებაში მოინახოს და კარგი იქნება თუ ამას გავაცნობიერებთ...
ინფორმაცია ანწლზე:
ანწლი ყვავილოვან მცენარეთა გვარი გახლავთ ცხრატყავისებრთა ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწვერიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითელი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 - დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.