4-10-2019
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„3 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, რომლებიც აღნიშნული ორგანიზაციის კვლევას დაეყრდნენ, გაავრცელეს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ანაზღაურების საშუალო თვიურ მაჩვენებელთან დაკავშირებით. თავიდანვე უნდა აღინიშნოს,რომ ინფორმაცია გავრცელებულ იქნა სათანადო, აუცილებელი განმარტების გარეშე, რის გამოც წარმოდგენილი მონაცემები არ ასახავს რეალურ სურათს, ამდენად, მცდარია და საზოგადოება შეცდომაში შეყავს.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში წერია, რომ შედარებულ იქნა კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მიღებამდე და მიღების შემდეგ ერთი თვის სახელფასო ანაზღაურება და შედარებულ იქნა 2017 წლის დეკემბერი 2018 წლის დეკემბერთან. ამასთან, კვლევის ავტორებს არ უხსენებიათ, რომ 2018 წლის დეკემბერში ბევრ საჯარო უწყებაში, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, განხორციელდა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა, რამაც ცალკე აღებულ თვეში (2018 წლის დეკემბერი) ერთჯერადად გაზარდა სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობა.
ობიექტური მკვლევარი ამ გარემოებას აუცილებლად მიუთითებდა ან საანგარიშოდ რომელიმე სხვა თვეს აიღებდა, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს სახელფასო ანაზღაურების რეალურ ოდენობას. შედეგად, 2018 წლის ნოემბერში და ზოგადად 2018 წლის საშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნებოდა ცალკე აღებული 2018 წლის დეკემბრის საშუალო ხელფასთან, რადგან ამ თვეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთჯერადად მიიღეს ანაზღაურება ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის და წამახალისებელი ფულადი სარგებელი.
თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ ეს არ გააკეთა და ამით საფუძველი მისცა მედიას, გაევრცელებინა არასრული და ცრუ ინფორმაცია.
საგულისხმოა, რომ 2018 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებზე კანონით გათვალისწინებული დანამატისა და ჯილდოს გაცემა რიგი მიზეზების გამო არ მომხდარა. ამდენად, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში თანამშრომელთა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა განხორციელდა მხოლოდ 2018 წლის დეკემბრის თვეში.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საშუალო შრომის ანაზღაურების გაანგარიშება მართებულია მთელი წლის განმავლობაში გაცემული ხელფასების (დანამატების და ჯილდოს ჩათვლით) მიხედვით. 2018 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შრომის საშუალო ანაზღაურება შეადგენდა 2244 ლარს, ნაცვლად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო-ს მიერ დასახელებული 5729 ლარისა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიზში ასევე არასწორად არის წარმოდგენილი მედიანური შრომის ანაზღაურება, რომელმაც 2018 წელს სამინისტროში 1 804 ლარი შეადგინა და არა - 4 200 ლარი, როგორც ეს ორგანიზაციის კვლევაშია ასახული.
შესაბამისად, სხვაობა საშუალო და მედიანურ შრომის ანაზღაურებას შორის 2017 წელს 28.3%-ს, ხოლო 2018 წელს 21.7%-ს შეადგენდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ დასახელებული მონაცემები კი 26.5% და 30.8%-ია. ამდენად, რეალურად სხვაობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-სგან, გააკეთოს სათანადო განმარტება ზემოთაღნიშნული კვლევის თაობაზე და საჯაროდ აღიაროს თავისი შეცდომის შესახებ. გარდა ამისა, აუცილებელია, აღნიშნული ასევე გამოქვეყნდეს იმ მედიასაშუალებებში, რომლებმაც ხელი შეუწყო ამ ცრუ და არაზუსტი ინფორმაციის ტირაჟირებას“-ნათქვამია განცხადებაში.