5-10-2019
გამოძიების მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა, ვინაიდან ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე „მთავარი არხის“ მაუწყებლობას შეაჩერებს, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა. მისი გამოკითხვა პროკურატურაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ გამოძიებას აინტერესებდა, იღებდა თუ არა ის პრემიებს. მელაძე ამბობს, რომ გამოძიების მთავარ მიზანს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება წარმოადგენს.
„დავინტერესდი, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი გაუთქმელობაზე, რაზეც მითხრეს, რომ ყველას მოაწერინეს, ვინაიდან თავიდანვე გადაწყდა, რომ საქმის მასალები კონფიდენციალური იქნებოდა. სულ რამდენიმე კითხვა იყო. კითხვები ეხებოდა იმას, თუ რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ბონუსები იმის მიხედვით გაიცემოდა, ვის რა რეიტინგი მოჰქონდა არხისთვის. ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე მრჩება ერთი განცდა - ამ პროცესის მთავარი მიზანი ნიკას დაჭერაა, თანაც, რაც შეიძლება მალე. ალბათ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თუ ნიკას დაიჭერენ, „მთავარი არხის“ მაუწყებლობა გაჩერდება. ეს ასე არაა“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
7 ოქტომბერს ამავე საქმეზე მთავარ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია უნდა გამოცხადდეს.
2 ოქტომბერს პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორ ზურაბ გუმბარიძეს 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ, 3 ოქტომბერს კი ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გამოკითხეს. სამივე მათგანი „რუსთავი 2“-ში მუშაობდა.
ამავე საქმის ფარგლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ 50-50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.