5-10-2019
სასიამოვნოა, როდესაც ამ უბნებში დადიხარ და ხედავ თბილისს, უაღრესად ტრადიციულ ქალაქს, თუ როგორ სწრაფად ემსგავსება ევროპას, როგორ ინახავს თავის ტრადიციებს, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მიდის ევროპისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი ორბელიანის მოედანზე თბილისობასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად დაესწრო და მოქალაქეებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა.
„თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ვიყოთ წარმატებულები. ჩვენი ქალაქი იყოს კომფორტული, ბედნიერი, როგორც ქალაქელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. მსურს ეს დღესასწაული თბილისის მერს მივულოცო. მე ძალიან კარგად მესმის, რამხელა ძალისხმევა და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ქალაქს შენი ხელი დაატყო. ეს მართლაც დასაფასებელია. თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ჩვენ, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით იმას, რასაც თბილისელობა ერქვა, ყოველთვის სულ უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპის მიმართულებით, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.