10-10-2019
ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას განავითარებს, არამედ საკმაოდ დიდი გადადინების ეფექტი აქვს.
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა დავიწყოთ იმ პრობლემების და ხარვეზების მოგვარება, რომელთა გამოსწორება სწრაფად შეიძლება, თუმცა შეგვიძლია, სისტემურ პრობლემებზეც ვისაუბროთ. დარგი კარგად ვითარდება - 9 თვის მონაცემებით დაახლოებით 60 მილიონზე მეტი ბოთლია ექსპორტირებული, რაც კარგი მონაცემებია. კარგად მახსოვს 2012-2013 წლები, როდესაც დაახლოებით 50 ათას ტონაზე ვსაუბრობდით. წელს, რთველში უკვე დაახლოებით 270 ათასი ტონა გვაქვს მიღებული“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობას.
„რა თქმა უნდა, უკვე არის დრო ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ღვინის ხარისხი, გლეხის და მევენახის მიერ მოყვანილი ყურძნის ხარისხიდან იწყება. ყველაფერთან ერთად ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ თუ პრაგმატულად, ობიექტურად და შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტელი პრობლემები არ უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.