10-10-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა წინასასამართლო სხდომაზე ხაზარაძის განცხადებების შეფასებისას აღნიშნავს:
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ მამუკა ხაზარაძე მის მიმართ არსებულ სამართლებრივ შეკითხვებსა და პასუხისმგებლობებს თავს არიდებს პოლიტიკით. ის მაქსიმალურად ცდილობს, ეს საქმე პოლიტიკურ დევნას დაუკავშიროს და ამით იმუნიტეტი მოიპოვოს. მეტიც, პოლიტიკურ კონტექსტს ამოფარებული, ხაზარაძე ცდილობს, გაექცეს არა მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, არამედ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებსაც“.
გულორდავას განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკური კონტექსტის მორგებით ვერავინ გაექცევა სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ყველა კითხვას სასამართლოში უნდა გაეცეს პასუხი და ეს ასეც მოხდება.
„იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აქვთ მყარი არგუმენტები, მათ ექნებათ თავის დაცვისა და საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება. ხოლო მათ მანიპულაციურ ქმედებებს საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს მომავალ არჩევნებზე“, - აცხადებს პარლამენტის წევრი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმის პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ეს ტყუილები დაამარცხოს.