14-10-2019
,,უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში იყო გარკვეული შეკითხვები, რომელბზეც ჩვენ ველოდებოდით პასუხებს, მაგრამ ისინი ვერ მივიღეთ. თუმცა, ძალიან საფრთხილოა და ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ არაკვალიფიციური ხალხი მოვიდა გასაუბრებაზე. კანდიდატებისთვის ეს პროცესი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა. არ არის მარტივი და კომფორტის შექმნისთვის ჩვენ იქ არავინ მოგვყავს. შესაბამისად მათ აქვთ გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი. კანდიდატებს შორის არის ბევრი ღირსეული, კვალიფიციური კადრი და ზოგადად სასამართლოს სისტემაში არის ბევრი ღირსეული კადრი, რომელთა გადაწყვეტილებებს იურისტები იყენებენ, უთითებენ, როგორც სამაგალითოს. შესაბამისად, იმის სათქმელად, რომ არაკვალიფიციური კადრები მოდიან, ჩვენ ობიექტური საფუძველი არ გვაქვს“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია. ასევე, იყო საბოტაჟის მოწყობის, პროცესის ჩაშლის მცდელობა. ,,ეს არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა, სახელმწიფოს ინტერესების საზიანო მოქმედება. ყველა ვთანხმდებით, რომ სწორედ სახელმწიფოს ინტერესია მოსამართლეების შერჩევის პროცესი გახსნილად და გამჭვირვალეთ წარიმართოს. თუ კი ვინმე ცდილობს ცინიკური, არაკორექტული, არაეთიკური მიმართვებით, პროცესი ჩაშალოს, ის სახელმწიფოს ინტერესს ეწინააღმდეგება. სხვაგვარად ამას ვერ შევაფასებთ“, აცხადებს ანრი ოხანაშვილი.