16-10-2019
ასეთი გამოწვევების დროს ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება ყველაზე რთულია და ქართული ოცნება ამას ახერხებს“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო აბსოლუტური მისია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც მოვიდა და რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება:
„ჩვენ რომ გვესარგებლა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის დასჯის ტესტით, მაშინ ის დარბაზი მთლიანად დაიცლებოდა ნაციონალური მოძრაობისგან, იმიტომ, რომ უკლებლივ ყველას ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. დიახ, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შერჩევითი მართლმსაჯულება მისი საუკეთესო ჰუმანისტური გაგებით. შერჩევითი მართლმსაჯულება გადახრილი არა რეპრესიისკენ, არამედ გადახრილი ე.წ. ლიბერალური, შემწყნარებლური მიდგომისკენ. კიდევ ვამბობ, პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო აბსოლუტური მისია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც მოვიდა და რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ტრადიციული დემოკრატიიდან მომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის რჩევები, რომ იქნებ გადააბიჯოთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის განმარტებით, დიქტატურაში ოპონირება ყველაზე ადვილია. ასეთი გამოწვევების დროს, ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება არის ყველაზე რთული:
„უკლებლივ ყველა აღიარებდა, ყველა სამართლებრივ პასუხისმგებაში რომ მიგეცა, აბსოლუტურად კანონიერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევა იყო, იქნებ ამაღლდეთ და ფორმალისტურად ნუ მივუდგებით, იმიტომ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ოპოზიციის გადარჩენა, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად გავედით ჩვენი მანდატიდან. მე ამას ვაღიარებ თქვენს თვალწინ. ჩვენ, ქართული ოცნება და მე ვიყავი ქართული ოცნების მანდატით არჩეული ერთ-ერთი დეპუტატი. ჩვენ მილიონ 200 ათასმა საქართველოს მოქალაქემ აგვირჩია საქართველოს ხელისუფლებაში სამართლიანობის აღსადგენად და ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დასასჯელად და თუ სადმე კრიტიკა არის ჩვენი ლეგიტიმური შეუსრულებელ დაპირებაზე, ეს ჩვენი ის შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც ქვეყნის მომავალს სჭირდება. ეს არის შედეგი, ჯამური კრებსითი სახელი იმ პროდუქტისა, რომელიც ჩვენ შევქმენით, რომელიც ჩვენი მონაგარია. მწარეა ეს მონაგარი? დამნაშავეები აქეთ დაჭერით გვემუქრებიან? მწარეა. მაგრამ იცით რა არის დემოკრატიაში ოპონირება, ჩვენს ხელისუფლებას უნიათოს უწოდებდნენ და თვითონ ე.წ. ნიათიანები იყვნენ, მაგრამ დიქტატურაში ოპონირება ყველაზე ადვილია. აი, ასეთი გამოწვევების დროს, ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება არის ყველაზე რთული და „ქართული ოცნება“ ახერხებს უკვე შვიდი წელია და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზეც მოახერხებს ესეთ რთულ და გამოწვევებით სავსე ვითარებებში ოპერირებას. ეს არის ნიათი, როდესაც შენ შეგიძლია დაამარცხო ოპონენტი პოლიტიკურ პაექრობაში, როდესაც კონკურენტული გარემო უზრუნველყოფილია. აი, ამ კონკურენტულმა გარემომ გამოაჩინა კიდევ ახალ შექმნილი პარტიები, არა მხოლოდ ის, ვისაც ვუწოდებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ დანაყოფებს, ერთ-ერთ ასეთი იმედის მომცემი პარტია არის ახლად შექმნილი მოძრაობა “ლელო”. ჯერ პარტია არ არის, მაგრამ მას დაანონსებული აქვს , რომ პარტიასაც შექმნის“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.