19-10-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა აფეთქება.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს"-ნათქვამია განცხადებაში.