19-10-2019
თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს:
"გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური"-ნათქვამია განცხადებაში.