26-02-2018
47 წლის ნოდარ ბერიძე ლეგენდარული ჯუმბერ ლეჟავას გვერდით იყო ორი წლის მანძილზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 2014 წლის აგვისტოდან სამშვიდობო ველოტურებს პერიოდულად ახორციელებს. ჩვენ თვალს ვადევნებდით მის გადაადგილებას და ინტერვიუს დროისთვის ბატონო ნოდარი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში აღმოვაჩინეთ.
„სპორტსმენებს, მომლოცველებს, ბიზნესმენებს, საქმიან ხალხს და ყველა მსურველს, გიწვევთ დაუვიწყარ ტურში ულამაზესი ადათ—წესების, ისტორიისა და ტრადიციების მქონე სტუმართმოყვარე ქვეყანაში! არ გაუშვათ იშვიათი შანსი — აჩუქეთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს შესაძლებლობა, დატკბეთ საინტერესო დასვენებით და იყოთ ახალი, დიდი და კარგი ტრადიციის დასაწყისის მონაწილე!“ – ეს გახლავთ ამონარიდი ნოდარ ბერიძის მიმართვიდან.
ნოდარ ბერიძე: გმადლობთ, რომ დამიკავშირდით. ამ წუთებში საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში მცხოვრებ ქართველ მოკრივესთან კახა ჟვანიასთან ვარ. როგორი სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მან მაჩვენა 2008 წელს ჯუმბერ ლეჟავასთან ერთად გადაღებული ფოტო. აქვე მინდა რომ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას და ყველას, ვინც ამ ტურის დროს დახმარების ხელს მიწვდის.
– ბატონო ნოდარ, მოუყევით მკითხველს საკუთარ თავზე, როდის დაუკავშირდით ბატონ ჯუმბერ ლეჟავას?
— ჩემ თავზე მოკლედ გიამბობთ: დავამთავრე პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესის უმაღლესი სკოლა. პირველი პრაქტიკული გამოცდილება სამშენებლო სფეროში მივიღე. 2009 წლიდან ციფრული მედიცინის მეთოდების მიმართულებით ვმუშაობთ მე და ექიმების ჯგუფი. ჯუმბერ ლეჟავას დავუკავშირდი 2012 წლის 27 სექტემბერს. ეს დღე იმიტომ დამამახსოვრდა, რომ სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გარდაცვალების დღეა, თან ჩვენი გაცნობის დღეც გახდა. 2013 წელს 17-დღიანი ველოტური მოეწყო და ბატონ ჯუმბერთან ერთად საქართველოს 41 რაიონის ქალაქები მოვინახულეთ — ფაქტობრივად ნახევარი საქართველო. ეს გახდა ევროპა–აზიის მოსამზადებელი ველოტური, რომელიც ბატონი ჯუმბერისთვის გამოსამშვიდობებელი აღმოჩნდა. მან და მე, როგორც მისმა მენეჯერმა, დავგეგმეთ უკრაინული ტური და როცა მისთვის სერიოზული მზადება დავიწყეთ, ის ავად გახდა, მას სტენტირება გაუკეთდა. ეს ოპერაცია მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
– როდის გადაწყვიტეთ, რომ ბატონი ჯუმბერის გზა გაგეგრძელებინათ?
— ბატონი ჯუმბერის გარდაცვალების შემდეგ დაგეგმილი ტურის განხორციელება აუცილებლად ჩავთვალე. 2014 წლის აგვისტოს პირველი 5000 კმ გავიარე, რასაც საზოგადოების წინაშე ჩემი ანგარიში მოჰყვა. მაშინ ყველამ ერთად მითხრა, რომ შემდეგში არ უნდა გავჩერებულიყავი და ბატონი ჯუმბერის გზა გამეგრძელებინა. ჩვენმა პატრიარქმაც იგივე ბრძანა, ამიტომ პერიოდულად ვახორციელებდი ტურებს. 2015 წელს მეორედ შემოვუარე უკრაინას. დეკემბერში წითელი ხიდიდან ენგურის ხიდამდე დავფარე მანძილი. 2016 წლის 22 იანვარს გეზი ავიღე თბილისიდან ალმა-ათამდე. ბაქოს გავლით ჩავედი ირანში და ფერეიდნელი ქართველები ვინახულე. იქ ბევრი მეგობარი, დები და ძმები შევიძინე. ისინი მთელი გზის მანძილზე გზაზე მხვდებოდნენ, ჩემთან მოდიოდნენ და მათ საკონტაქტო ნომრებს მაძლევდნენ. მაშინ 6300 კმ გავიარე. ეს იყო დიდი ველოტურის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი ბელორუსიაში გავიარე, 3000 კმ დავფარე. 2016 წლის ოქტომბერში დავიწყე ველოტური ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე. როდესაც რუსეთში ვიყავი, ტური იმ თვალსაზრისით გამირთულდა, რომ საქართველოში ოთხჯერ დავბრუნდი ვიზის გასაგრძელებლად, დანარჩენი პერიოდი გზაში ვიყავი.
– კლიმატი ახსენეთ და ალბათ გარკვეულ სირთულეს გზაზე ეგეც გიქმნიდათ…
— რასაკვირველია, ესეც ქმნის პრობლემას. წარმოიდგინეთ, მოგზაურობა მინუს 38 გრადუს ყინვაში და პლიუს 40 გრადუს სიცხეში მომიწია. ამას გარდა გზაში რვაჯერ წავიქეცი ველოსიპედით, ერთხელ მანქანაც დამეჯახა…
ამონარიდი ნოდარ ბერიძის მიმართვიდან: „მერწმუნეთ, რომ ბევრი ვნახე! უამრავი ლომგულა ქართველი და ზოგიერთი ლაჩარიც, უამრავი საქართველოს მიმართ კეთილად განწყობილი და ზოგიერთი მტერიც, ვნახე უამრავი პრობლემა, უფულობა, შიმშილი, წყურვილი, სიცივე, სიცხე, ავადმყოფობაც და ვიზის პრობლემებიც. თავს არ ვიქებ, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს დროშამ და ქვეყნის სახელმა ახალ ტალღად გადაუარა კონტინენტს!
ძალიან ბევრი ადევნებს თვალს ამ პროექტს! ძალიან ბევრჯერ გაშუქდა სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში!
უამრავი შეხვედრა, გადაცემა და ინტერვიუ — ეს ხომ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია, ქართველების და საქართველოს ახლად წარმოჩინება და გაცნობაა უდიდესი აუდიტორიის წინაშე!“
– ბატონო ნოდარ, ყველაზე საინტერესო შეხვედრებიდან რომელს გამოჰყოფდით?
— საკმაოდ საინტერესო იყო, როცა ბელგიაში მეუფე დოსითეოსის წირვაზე აღმოვჩნდი. იქ ჩვენი ეკლესიის მიმართ ბელგიის ეკლესიის მხარდაჭერა დავინახე. ძალიან ლამაზი დღე იყო.
– ღამეს თქვენც კარავში ათევთ?
— არა, მე არ მაქვს თან კარავი და ღამეს სხვადასხვა ადგილებში, ახლობლებთან, ან სასტუმროებსა ან ჰოსტელებში ვათევ. ძირითადად უცხოეთში მცხოვრები ქართველები ან დიასპორის წარმომადგენლები მეხმარებიან. მოგზაურობის მანძილზე სხვადასხვა ქართულ დიასპორებთან დავამყარე კავშირი და უამრავი ადამიანი გავიცანი. სხვათა შორის, აქვე გეტყვით, რომ ათი წელია, რაც რუსეთის ტელევიზიის პროგრამის "დამელოდე", ანუ „ჟდი მენია“ დამხმარე ვარ. აღვადგინე 800-ზე მეტი დაკარგული კავშირი. გზაში ვინც კი გავიცანი, ჩემთან დღემდე კავშირზე არიან.
– უახლოეს თვეებში საით გიჭირავთ გეზი?
— 2018 წლის აგვისტო-სექტემბერში სტარტს ავიღებ პირველი ციკლის ტრანსკონტინენტალური ტურისტული მარშრუტით თბილისი-პეკინი-ვლადივოსტოკი-ასტანა-კიევი-თბილისი. სულ 50 000 კილომეტრია გასავლელი და ამ მანძილის დაფარვა ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. 50-ზე მეტი ქვეყანა უნდა ვნახო. გვეყოლება გამცილებელი მინიბუსი და ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი.
– ველოტურის ყველაზე პოზიტიური მხარე რა არის?
— ყველაზე პოზიტიური ასეთ მოგზაურობაში ის არის, რომ ქართული დროშით მშვიდობის მისიას ვახორციელებ, ყველას ვაცნობებ, რომ საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, რომ ყველა საკითხი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. თან ვატარებ საქართველოს დროშას, რომლის უკან საქართველო მოიაზრება, ამიტომ ეს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში უნდა ვიყო აუცილებლად. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე პირველი ღონისძიებაა "სპორტული თბილისი": ველოსიპედით მცხეთა—თბილისი, დავით აღმაშენებლის ძეგლი, გმირთა მოედანი, რუსთაველის ძეგლი და გამზირი, ქაშუეთის ეკლესია და წმიდა სამების ტაძარი, გარბენი ვარკეთილიდან თბილისის ზღვაზე და საზეიმო ფინიში საქართველოს ისტორიის მონუმენტთან.