გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"განდაგანასა" და მის ხალხურ საწყისებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

21-10-2019

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წელის 16 ოქტომბრის №02/78 ბრძანებით „განდაგანას და მის ხალხურ საწყისებს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სტატუსის მინიჭების ინიციატორი იყო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.(სააღრიცხვო ბარათის შედგენაზე მუშაობდა სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და სარესტავრაციო ლაბორატორიის განყოფილების უფროსი თემურ ტუნაძე)

განდაგანას საფუძვლად უდევს აჭარის ტრადიციულ სანახაობითი კულტურისათვის დამახასიათებელი ხალხური ცეკვები: „ყოლსამა“, ანუ მხარული, „თოფალოინი“, „თარნანინო“, „ჯაყდანანა“ და სხვა. ეს ცეკვები აჭარაში თაობიდან თაობას ოჯახური ტრადიციების გზით გადაეცემოდა და საშემსრულებლო მრავალფეროვნებითაც ხასიათდებოდა.

პირველი წერილობითი ცნობები განდაგანას შემადგენელი ხალხური ცეკვების შესახებ XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გვხვდება და ამ დროიდან შესაძლებელია თვალი გავადევნოთ აჭარის მოსახლეობაში დაცული ხალხური ქორეოგრაფიის ნიმუშებს, მათ შემსრულებლებს, ცეკვების სახელწოდებებს. ამ მხრივ ფასდაუდებელია თოფან მელაძის, თოფუზ გაბაიძის, გულიკო ნოღაიდელის და სხვათა წვლილი, რომლებიც XX საუკუნის 20-30-იანი წლებში აჭარული ხალხური ცეკვების, განსაკუთრებით „ყოლსამას“ უბადლო შემსრულებლებად ითვლებოდნენ.

XX საუკუნის 40-იანი წლებიდან, ქართული ქორეოგრაფიის განვითარების პარალელურად, „ყოლსამას“, „თოფალოინის“, „თარნანინოს“, „ჯაყდანანას“ და სხვა ცეკვების გაერთიანებისა და დახვეწის საფუძველზე იქმნება სასცენო, კლასიკური ცეკვის ახალი ვარიანტი „განდაგანა“. ეს პროცესი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქორეოგრაფ ენვერ ხაბაძის სახელთან, რომელმაც 1946 წელს აუდიტორიას ახალი ცეკვა წარუდგინა. თავდაპირველად იგი ერთი მოცეკვავე მამაკაცისათვის შეიქმნა, შემდგომ მასში ორი მეჭიბონე ჩაერთო. ცეკვის შემდგომი განვითარება ქალისა და მამაკაცის დუეტი იყო. 1948 წელს შეიქმნა გუნდური ცეკვა, სადაც ქალ-ვაჟის დუეტი მასობრივი ცეკვის შემადგენელ ნაწილად იქცა.

განდაგანას ხალხური ვარიანტები, მისი ინდივიდუალური შემსრულებლების სახით, ერთ-ერთი ლამაზი სანახაობაა, რომელიც ხალხურმა თვითშემოქმედებამ შემოინახა და დღემდე ამშვენებს ქართულ სცენას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930