23-10-2019
დედაქალაქში მოძრავი A კატეგორიის ტაქსის ის მძღოლები, რომელთაც ავტომანქანის ყველა ნაწილი არ აქვთ შეღებილი ან ფირი სრულად გადაკრული, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას დაექვემდებარებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თუ საჭიროება არსებობს, ტაქსების რეფორმის შესახებ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.
„რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ A კატეგორიის ტაქსების ნაწილი სრულად არ არის გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამის საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ ავტომანქანა სრულად არ იყოს შეღებილი ან ფირი სრულად არ ჰქონდეს გადაკრული და ისე დადიოდეს. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ მსგავს შემთხვევაში, დაჯარიმდებიან და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებმა თავიანთი ავტომანქანები იმ სტანდარტის ფარგლებში უნდა მოაქციონ, რომელიც მუნიციპალიტეტის მხრიდან არის დაწესებული.