ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
22-12-2017
ნაძალადევის რაიონში, ნევროლოგიის ინსტიტუტთან არსებულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო გამოკვლევებში მონაწილეობდნენ „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“, თვალის კლინიკა „ახალი მზერისა“ და კანისა და ვენეროლოგიურ სნეულებათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ნევროლოგი, უროლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი. ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.