24-10-2019
„ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება“ - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი, 25 წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას ეწევა. დღეს საქმე გვაქვს ორი მთავარი საკითხის დაპირისპირებასთან, ეს არის სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება. როდესაც ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისეთ კეთილშობილურ საქმიანობას, როგორც არის ქველმოქმედება და ისეთი საქმეს, რომელიც კონკრეტულ ციფრებში აისახა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედებას მოიცავს, რა თქმა უნდა, აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჭირდება,“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.