25-10-2019
ბელგიის სამეფოში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად გამართა ორმხრივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ურყევი მხარდაჭერისთვის ალიანსის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიდგომა ნატოსთან ყველა არსებული მექანიზმის წარმატებულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, საქართველოს ალიანსის წევრობისთვის ამზადებს. მისივე თქმით, თავდაცვის უწყება განაგრძობს ტრანსფორმაციის პროცესს, რაც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის კიდევ უფრო გაზრდას და აგრესიის შესაკავებლად თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაც იყო. ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი და მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ალიანსის ერთ-ერთი ახლო პარტნიორი ქვეყანა, აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას ავღანეთში ამჟამად არსებული კონტინგენტის რაოდენობით განაგრძობს.