გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 გაიმართა

27-10-2019

26 ოქტომბერს, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ი გაიმართა. ექსპოს მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მაღალპროდუქტიული გენეტიკის მქონე მსხვილფეხა საქონლის და ადგილობრივი სელექციური ჯიშების პოპულარიზაცია. ასევე, მსხვილფეხა საქონლის მოშენებისთვის ინვესტიციების წახალისება, რაც აუცილებელია ქართული რძისა და ხორცის სექტორების მიმართ მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად და მათი შემდგომი განვითარებისთვის. „მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები.

ექსპოზე სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები შეფასდნენ ქართველი და ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტების მიერ, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იყო ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

მესაქონლეობის ექსპოში მონაწილეობა მიიღეს: ფერმერებმა, მსხვილფეხა საქონლის იმპორტიორებმა, მეცნიერებმა, ცხოველთა საკვების მწარმოებელმა და იმპორტიორმა კომპანიებმა, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელმა კომპანიებმა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშვებლებმა, ფინანსურმა ორგანიზაციებმა, პროფესიულმა და ინდუსტრიულმა ასოციაციებმა. ამასთან, „მესაქონლეობის ექსპო“ არის კარგი შესაძლებლობა დარგის წამყვანი მკვლევარებისა და ტექნიკური ექსპერტების ახალი პარტნიორული თანამშრომლობის დამყარებისთვის. ექსპოზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიეღოთ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია აგრო სექტორის ისეთი პერსპექტიული დარგის ხელშეწყობა და წახალისება, როგორიც მეცხოველეობაა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით გვსურს ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იყვნენ წარმოდგენილები, ჰქონდეთ ახალი კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, რძისა და ხორცის სექტორებში არსებული თანამედროვე და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რითიც კიდევ უფრო მეტად გაზრდიან პროდუქტის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას“-, აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930