29-10-2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.
შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.
ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.
28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.
სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.