გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკის შეერთებულ შტატებში "ქართული ღვინის ფორუმი" გაიმართა

30-10-2019

ქალაქ ბოსტონში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ იყვნენ. ღონისძიების მიმართ ინტერესი დიდი იყო როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან. 

ფორუმის სამდღიანი პროგრამამოიცავდა „საფერავისა და ქვევრის ღვინის ფესტივალს“,„ქვევრის სიმპოზიუმს“და „ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს კომერციული პირებისთვის“.

"ქვევრის სიმპოზიუმზე", რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა, სხვა გამომსვლელებს შორის იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერულად დადასტურდა, რომ 8 ათასი წლის წინ, მსოფლიოში პირველი ღვინო სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწურა. „ქვევრის სიმპოზიუმს“აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო, რომელმაც სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ "საფერავისა და ქვევრის ღვინის კონკურსზე" წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართველი მწარმოებლის პროდუქცია, ხოლო დასკვნით დღეს გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე სხვა ქართული ღვინოების გვერდით იყო საქართველოში ჩატარებული ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული 30-მდე ღვინო. დეგუსტაციებს რამდენიმე ასული პროფესიონალი და ღვინის ექსპერტი დაესწრო.


„ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს,სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, "ქართული ღვინის ფორუმი' იმართება. ამ ღონისძიებებმა შედეგად უკვე მოიტანა მეტი გაყიდვები და ექსპორტის ზრდა ამერიკის უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,ლევან მეხუზლამ, რომელმაც ქვევრის სამეცნიერო სიმპოზიუმზე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მარკეტინგულ სტრატეგიაზე მოხსენება წაიკითხა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 60%-ით აღემატება გასულის წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ფორუმის მონაწილეების შეფასებით, მსგავს ფორმატში ქართული ღვინის წარდგენა მიანიშნებს, რომ საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანიისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვან ღვინოებს აწარმოებს.

ქართული ღვინის პირველი ფორუმი 2018 წლის ნოემბერში ვაშინგტონში ჩატარდა, რასაც ღვინის პროფესიონალების მხრიდან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930