2-11-2019
რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტებს არ აქვთ კონფლიქტის ზონებში მუშაობის უფლება, თუკი არ აუღიათ სპეციალური დიპლომი.
აღნიშნული კურსები, სახელწოდებით „ბასტიონი“, ყირიმში მდებარეობს.
„მედიაზონამ“ გამოაქვეყნა რუსი ჟურნალისტის, სვიატ პავლოვის მონათხრობი იმის შესახებ, როგორ იმყოფებოდა ამ სამუშაოსთვის ჟურნალისტების მოსამზადებელ კურსებზე.
„პირველი ორი დღე მხოლოდ ლექციებით იყო დატვირთული. მთავარი აზრი იყო ის, რომ ჟურნალისტი – არავინაა, მას არაფერი შეუძლია, არაფერი იცის და ყველაფერი სამხედროებს უნდა შეუთანხმოს“.
შემდეგ დაიწყო პრაქტიკული სწავლება.
„შუა ლექციისას შემორბიან საზღვაო ქვეითები, რომლებიც ტერორისტებს განასახირებენ, ყველას აწვენენ სახით მიწაზე და უწყებენ ცემას. მე ფანჯრიდან გადავხტი და გავიქეცი სამხედრო ნაწილის მიმართულებით. დამიჭირეს და უკან დამაბრუნეს“.
პავლოვი იხსენებს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, პირობითი ტერორისტები ტყვეების თავს ზემოთ ფუჭ ტყვიებს ისროდნენ.
„არც ისე სასიამოვნოა, როდესაც შენს გვერდით მიჯრით ისვრიან, შენ კი ტომარა გაქვს თავზე ჩამოცმული, სუნთქვა გეკვრის და ამავდროულად ფეხებს გირტყამენ“.
შემდეგ, დატყვევებული ჟურნალისტები, რომლებსაც თავზე ტომრები ჰქონდათ ჩამოცმული, პოლიგონზე წაიყვანეს.
„და უკვე დაიწყო ნამდვილი წამება: ავტობუსში მოგვათავსეს, გვირტყამდნენ, ყველა ვიგუდებოდით ამ ტომრებში. გვიყვიროდნენ, გვემუქრებოდნენ, რომ ბოლოს, ყველას მოგვკლავდნენ…“.
სვიატ პავლოვი ამბობს, რომ ტომარაჩამოცმულ ტყვეებს ქვებზე ცოცვას აიძულებდნენ – „მუხლებზე, იდაყვებზე, როგორც გინდა და ამასთან, მუდმივად გვირტყამდნენ, ცხვრის სისხლს გვასხამდნენ“.
“ტყვეობაში მოხვედრილებს სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს: „იქ ერთ გოგოს ყური აახიეს იმიტომ, რომ საყურე ეკეთა – მას საყურე მოაძვრეს და ყურიც დაუზიანეს. მეორე გოგონა ისტერიული შეტევებით სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ერთ ბიჭს ნეკნი გაუტეხეს, მე დამიზიანეს სახე და ტანი.
დაშავებული ბევრი იყო. ჩემი კოლეგა ლაზარეთში წავიდა, დახმარება სთხოვა, მაგრამ იქ მას უთხრეს: „პროფესიონალებმა გცემეს და ყველაფერი კარგად უნდა გქონდეს“.
ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს არ დალოდებოდნენ „სწავლების“ გაგრძელებას და „ბასტიონის“ კურსები დატოვეს.
მოსკოვში დაბრუნებულმა სვიატ პავლოვმა ექიმებს მიმართა, რომლებმაც მას მრავლობითი ჭრილობა და დაზიანება აღმოუჩინეს გულმკერდის არეში, ხელებზე, ფეხებსა და სახეზე, სისხლჩაქცევები თავზე და ტვინის შერყევა.
ამის შემდეგ, მან საგამოძიებო ორგანოებს მიმართა და საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.