5-11-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან.
მარკ რუტემ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რამდენადაც ნიდერლანდების სამეფოს, ორმხრივ ფორმატში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად ეწვია.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.
ასევე, ხაზი გაესვა საქართველოში ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას და გამოითქვა იმედი, რომ ამ კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.