6-11-2019
პარლამენტში "მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ" კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტი ადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის და განსაზღვრის წესს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. შესაბამისად მინიმალური ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად გადაიხედება. კანონპროექტი ადგენს მინიმალური ხელფასის გამოთვლის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასად არ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წინა წლის მე-3 კვარტალში დადგენილი საშუალო ანაზღაურების 45%- ზე ნაკლები.
აღნიშნული წესების დაცვით, საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის ოდენობას. კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა დაადგენს, როგორც ყოველთვიურ ანაზღაურებას იმ პირებისათვის, ვინც სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებულნი, ასევე საათობრივ ანაზღაურებას იმ პირებისათვის, ვინც არ არიან სრულ განაკვეთზე დასაქმებულნი, რომელიც გამოითვლება სასქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი 40 საათიანი სამუშაო კვირის, შესაბამისად თვეში 160 საათის შეფარდებით ყოველთვიურ მინიმალურ ხელფასთან.
წარმოდგენილი კანონპროექტი იმპერატიულად აკრძალავს შესაძლებლობას ინდივიდუალური ან კოლექტიური ხელშეკრულებით ურთიერთობის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ უფრო დაბალ ანაზღაურებაზე, ვიდრე იქნება მინიმალური ხელფასი.
დამსაქმებლის მიერ ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გაკონტროლდება ზედამხედველობის ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ დროს, წინასწარ გაფრთხილების გარეშე შეამოწმოს დამსაქმებელი.
კანონდარღვევის შემთხვევაში, ზედამხედველობის ორგანოს მიერ პირველ ჯერზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა თითოულ დასაქმებულზე, რომლის მიმართაც დამსაქმებელმა დააღვია ეს კანონი, 2000 ლარის ოდენობით.
კალენდარული წლის განმავლობაში ზედამხედველი ორგანოს მიერ დამსაქმებლისათვის ამ კანონის დარღვევის განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში ყოველ ჯერზე ჯარიმა თითოულ დასაქმებულზე, რომლის მიმართაც დამსაქმებელმა დააღვია ეს კანონი, განისაზღვრება 4000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატები არიან: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გელა მიქაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ჯინჭარაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ნატო ჩხეიძე.
pia.ge