გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ

8-11-2019

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვივნენ. ამერიკელ კონგრესმენებს თან ახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია.

კონგრესმენებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე იმ პრობლემებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ოკუპაციის შედეგად ექმნება. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე დაგმეს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები ადგილზე, რაც მძიმე ჰუმანიტრაულ შედეგებს იწვევს.

„ეს სიტუაცია ნამდვილად ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად უკანონოა აქ განვითარებული პროცესები, თუ რამდენად ცუდი მოთამაშეა რუსეთი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უდიდეს განსხვავებას დასავლურ სამყაროს, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებას, ისევე როგორც საქართველო, და რუსეთს შორის, რომელიც ზღუდავს ადამიანების გადაადგილებას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის არასწორი, უკანონო, და აშშ არასდროს შეეგუება ამას. მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების წართმევა არის უკანონო. რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას, უკვე შედგა შეხვედრები და განხილვები, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია მკაფიოდ დაფიქსირდეს ის, რომ საქართველო არის აშშ-ს მოკავშირე და აუცილებელია უახლოეს პერიოდში საქართველო გახდეს ნატოს წევრი.“-აღნიშნა კონგრესმენმა კინზინგერმა.

კონგრესმენებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულეს ქართული სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრიც. „ჩვენ ახლახანს დავტოვეთ ქართული სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი და მე როგორც სამხედრო მსახურს, მსურს ვთქვა, რომ ის კიდევ ერთხელ გვახსენებს ქართველი ერისა და სამხედროების სულისკვეთებას. ჩვენი ამაყნი ვართ რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ ამ პრობლემის გადაჭრაში.“-აღნიშნა კინზინგერმა.

აშშ-ს კონგრესმენები საქართველოს 5-9 ნოემბერს სტუმრობენ, ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა კონგრესმენებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში და ეწვივნენ ფოთის პორტს.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930