გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Financial Times: აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა

9-11-2019

სირიიდან ამერიკის სამხედრო შეიარაღების უცაბედი და წინასწარ გაუთვლელი გამოყვანის დროს, როდესაც ყოველდღიურად იზრდება გაურკვევლობა იმაში, თუ რამდენად სურს შეერთებულ შტატებს იმათი მხარდაჭერა, ვინც ამერიკის გვერდით იდგა ახლო აღმოსავლეთში, დგება იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ გაძლიერდეს ჩვენი კავშირები ქვეყნებთან შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე გზაჯვარედინზე მყოფ საკვანძო რეგიონში. ასეთ ქვეყნებს შორისაა საქართველო, ხოლო რეგიონში ასეთი პოზიტიური და განგრძობადი წარმომადგენლობის განმტკიცების გზა და საშუალებაა აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.

სტრატეგიულად, კომერციულად და - არანაკლებ მნიშვნელოვნად - მორალურად, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკების დაწყების თაობაზე საქართველოს მიერ ხშირად გაჟღერებულ სურვილზე რეაგირება ახლა ძალიან ლოგიკური იქნებოდა შეერთებული შტატებისთვის. ეს არა მხოლოდ განამტკიცებდა ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, არამედ ის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც განუმტკიცებდა რწმენას იმაში, რომ აშშ აგრძელებს ალტერნატივების შეთავაზებას იმ ავტორიტარულ რეჟიმებთან შეგუების ნიშნად, რის გარემოცვაშიც და რის საფრთხის ქვეშაც იმყოფებიან.
სტრატეგიულად საქართველო უხეში შეცდომით მოიაზრება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საჯილდაო ქვად, დასავლეთიდან - ევროკავშირით, ჩრდილოეთიდან - რუსეთით, სამხრეთიდან - თურქეთით და ირანით, ხოლო აღმოსავლეთიდან - ჩინეთით. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 1991 წლიდან ქართველები ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისკენ იხედებიან მომავლისთვის შთაგონების მისაღებად.

ამის კეთება იოლი არ არის ამ სამეზობლოში. რუსეთის სამხედრო შემოტევა 2008 წელს საქართველოს ძვირად დაუჯდა - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფასად. ჩრდილოეთიდან ამ რეგიონებით ესაზღვრება ქვეყანა რუსეთს და ეს ფასი გამოიხატება ქვეყნის ეროვნული ტერიტორიის 20 პროცენტით. რუსეთის მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. მათ მსგავსად,თურქები და ირანელებიც ცქმუტავენ, თავდაჯერებულები და თან არც ისე შორს არიან. ამ ყველაფრის მორევში, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თუ გაფორმდება ეს ძლიერ გზავნილად იქცევა იმის დასტურად, რომ ამერიკას ვალდებულება გააზრებულად აქვს ნაკისრი ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე მისი წარმომადგენლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.

კომერციულად, უამრავი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ ამერიკელმა მეწარმეებმა და პერსონალმა დიდად იხეირონ. საქართველო არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ამ უწყების წესების ჩარჩო სისტემის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკის გახსნისა და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციისთვის.დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს პოზიცია 124-ე ადგილიდან მე-16 ადგილამდეა დაწინაურებული ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, რომელსაც „Heritage Foundation“აქვეყნებს. ეს უშველებელი ნახტომია, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონია ამ რეიტინგული შეფასების არსებობის ისტორიაში. კომუნისტური წარსულის ეკონომიკური ინერციიდან გამოსული ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგებში აღარ მოიხსენიება როგორც „ეკონომიკურად რეპრესირებული“, არამედ „ეკონომიკური თავისუფლების მქონე“ ქვეყნად წარმოჩინდება.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით მისი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდებოდა - წელიწადში 4.8 პროცენტით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მდგრადი მშპ ზრდის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად დაახლოებით 4.9 პროცენტი იქნება 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. ამავდროულად, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 39 პროცენტიდან 22 პროცენტამდე და ეს ყველაფერი ერთ ათწლეულში მოხერხდა.

საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი. ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის გზით.

ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა: „სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა. ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანია მივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს.“

მორალურადაც ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყოს მუშაობა. საქართველო აგრძელებს შეერთებული შტატების ერთგულ და სანდო პარტნიორობას. მას წლების განმავლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ავღანეთში ამერიკული მისიის დახმარებაში. ქართველები კვლავ მსახურობენ ხსენებულ ბაზაზე. ავღანეთში ჩვენი კოალიციის წევრებს შორის და მოსახლეობის სულადობრივად ყველაზე მაღალია მსხვერპლთა რაოდენობა ქართველებს შორის. როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ჩვენს გვერდით დგას ბრძოლაში, ამერიკელებს მინიმუმ თავისუფალი ვაჭრობა მაინც უნდა გვინდოდეს მათთან.

საქართველო ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს განსაზღვრული ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებისთვის. წინა მოწვევის კონგრესში, 2018 წელს წარმომადგენელთა პალატამ კანონი მიიღო, რომლითაც საქართველოს დავუჭირეთ მხარი და აშშ სავაჭრო წარმომადგენელი დავავალდებულეთ რეალური ნაბიჯები გადაედგა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს კანონი ამ მოწვევის კონგრესში უნდა დამტკიცდეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, ხოლო ხელი მოეწეროს პრეზიდენტის მიერ.

მსოფლიოში მზარდი არეულობის პირობებში შეერთებული შტატების სანდოობის, საიმედოობისა და უსაფრთხოების გამო, სწორედ ახლა დგება ამ ნაბიჯის დრო.



https://www.ft.com/content/f1e18bf2-8cab-4240-8ef3-9a3760d4c34d?segmentid=acee4131-99c2-09d3-a635-873e61754ec6&fbclid=IwAR2y1eSVtx_0qjBlRuy-4-4dcM-S8-dQXanOo3GinUKtcecU-gWTJWnh53M

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930