გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
30–35%–ანი სესხები და „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო სესხების ქსელში გაჭედილი 400 000–მდე პენსიონერი

12-11-2019

„ლიბერთი ბანკი“ ქართულ საბანკო სექტორში მესამე ყველაზე მსხვილი ბანკია. 2019 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, მისი აქტივები დაახლოებით 2 მილიარდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბანკის წმინდა მოგებას, წლის პირველ ორ კვარტალში 5 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბანკის ძირითად შემოსავალს 132 მილიონ ლარს საპროცენტო შემოსავლები წარმოადგენს, საიდანაც 103 მილიონი ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალია. საკმაოდ მაღალია ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ–ივნისში 5 მილიონი ლარი შეადგინა.


ეს ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციაა და ერთი შეხედვით ქართული კომერციული ბანკისთვის დამახასიათებელი მონაცემებიც კი არის, თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ,,ლიბერთი ბანკი“ ერთადერთი ბანკია, რომელიც ქვეყნის ყველა პენსიონერს ექსკლუზიურად ემსახურება და გარდა იმისა, რომ პენსიებს გასცემს, საპენსიო სესხებსაც სთავაზობს კაბალური პირობებით პენსიონერებს.


აღსანიშნავია, რომ ბანკის ძირითად კლიენტებს სწორედ პენსიონერები წარმოადგენენ, ისინი სხვა ბანკში სესხის აღებას როგორც წესი, ასაკის გამო ვერ ახერხებენ და რჩებათ ერთადერთი გზა – დათანხმდნენ ,,ლიბერთი“ ბანკის კაბალურ პირობებს. შესაბამისად, ,,ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული სესხების ძირითადი ნაწილიც სწორედ პენსიონერებზე მოდის. ამავდროულად, ზემოხსენებული საპროცენტო შემოსავლების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, სწორედ პენსიონერების სესხებიდან არის მიღებული და ჯარიმა საურავების სახით გადახდილი 5 მილიონიც სწორედ აღნიშნული სესხებიდან აქვს ბანკს მიღებული.


400 000 პენსიონერს „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო სესხი აქვს გამოტანილი


სახალხო დამცველის აპარატმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2019 წელს საპენსიო ასაკს (60 წელი) 881 762-მა ადამიანმა მიაღწია, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის 23%-ია. მათგან პენსიას 86% იღებს – 756 479 ადამიანი, ბენეფიციართა 16% იღებს საარსებო შემწეობას – 71 312 ადამიანი, მარტოხელა პენსიონერთა რიცხვი კი – 17 757 შეადგენს.


ასევე, ომბუდსმენის ცნობით, პენსიონერთა ნახევარზე მეტს სესხი „ლიბერთი ბანკში“ აქვს აღებული და პენსიის ნაწილი ყოველთვიურად უკავდება.


აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი ინფორმაცია არ არსებობდა, ვინაიდან თავად „ლიბერთი ბანკი“ საპენსიო სესხების შესახებ ინფორმაციას მუდმივად მალავს. „ბანკები და ფინანსებმაც“ არაერთხელ მიმართა ბანკის წარმომადგენლებს შეკითხვებით, თუმცა მათგან პასუხები ამ შეკითხვებზე ვერასდროს ვერ მივიღეთ.


30–35%–ანი სესხი პენსიონერთათვის


„ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული საპენსიო სესხების ზუსტი საპროცენტო განაკვეთის დადგენა შეუძლებელია, რადგან, როგორც აღვნიშნეთ ბანკი მაქსიმალურად ცდილობს არ გაასაჯაროოს ინფორმაცია. თუმცა, მოვახერხეთ და რამდენიმე პენსიონერის ხელშეკრულებას გავეცანით, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით 35% შეადგენს.

როგორც აღმოჩნდა, პენსიონერს 2500 ლარიანი სესხი 4 წლის ვადით ჰქონდა აღებული, რომლის მომსახურებაზეც ყოველთვიურად პენსიის ნახევარს, ანუ 90 ლარს იხდიდა. ანუ, მას სესხის ვადის დასრულების შემდგომ, 2500 ლარიან სესხში 4320 ლარის გადახდა უწევს. თუკი ეროვნული ბანკის კალკულატორზე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს გამოვთვლით, დავინახავთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ,,ლიბერთი ბანკმა“ საპენსიო სესხი 34.47%–იაინი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით გასცა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხის პროცენტის ტოლია. გარდა ამისა, აქვე უნდა გავითვალისწინო თანხის განაღდების საკომისიო, რომელზეც ასევე დაწესებულია გარკვეული პროცენტი „ლიბერთი ბანკის“ მიერ და რაც ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდის.


როგორც ამ კონკრეტული მაგალითიდან ჩანს „ლიბერთი ბანკი“, ძირითადად, პენსიონერების ძარცვაზეა გადასული და სწორედ მათ ხარჯზე ახერხებს მაღალი მოგების მიღებას. ალბათ, აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ბანკი არ ასაჯაროებს ინფორმაციას თუ რამდენი პენსიონერი სარგებლობს საპენსიო სესხით და რა პირობებით ხდება პენსიის წინასწარ აღება.

გარკვეული პერიოდი, ბანკი საპენსიო სესხებს 100%–იანი საპროცენტო განაკვეთით გასცემდა


დღეს არსებული მდგომარეობა გაცილებით კარგია, იმასთან შედარებით რაც საპენსიო სესხების მიმართულებით წარსულში ხდებოდა, როგორც ჩანს რამდენიმე წლის წინ „ლიბერთი ბანკი“ არც 100%–იანი საპენსიო სესხების გაცემას ერიდებოდა. აღნიშნულ ინფორმაცია დასტურდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებიდანაც, რომელიც მან ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებისას გააკეთა. რეგულაციების მიხედვით სესხზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 50%-მდე შეამცირა, რამაც აღნიშნული სესხების გაიაფებაც გამოიწვია.


მაშინ გვენეტაძემ დეპუტატებს მოუწოდა, თვალყური ედევნებინათ, თუ როგორ მცირდებოდა საპროცენტო განაკვეთები საპენსიო სესხებზე და აღნიშნა, რომ სამი წლის წინ საპენსიო სესხების ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 100%–ზეც კი ადიოდა.


„ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემულ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საგრძნობლად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ამ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 100%-ზე ადიოდა, დღეს არის შემცირებული და ამავე დროს ბანკს აქვს გეგმა, რომ საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს. გთხოვთ კიდეც, რომ მიადევნოთ თვალყური როგორ მცირდება საპროცენტო განაკვეთები საპენსიო სესხებზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.


გვენეტაძის მსგავსად, სესხზე კაბალური საპროცენტო განაკვეთების არსებობას, „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას, ადასტურებს ლიბერთი ბანკის ყოფილი დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი. მისი განცხადებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიზეზი ის არის, რომ ბანკი საპენსიო მომსახურებისათვის სახელმწიფოსგან არანაირ დაფინანსებას არ იღებს:


„პენსიების დარიგება დედაქალაქიდან დაწყებული, უშგულით დამთავრებული, ბანკის ხარჯია. იმისათვის, რომ ბანკს ამ ხარჯის კომპენსირება მოეხდინა, მიმართა ყველაზე მარტივ გზას – ეს ხარჯი გამოართვა პენსიონერებს. სწორედ ამიტომ, გასულ წლებში, საპენსიო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-მდეც კი ადიოდა. 2017 წელს, როდესაც „ლიბერთი ბანკში“ ახალი მმართველობა მოვიდა, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 64%-ს შეადგენდა. დღეს, როდესაც ბანკი გაიზარდა და განვითარდა, შესაძლებელი გახდა, რომ საპროცენტო განაკვეთმა ნელ-ნელა დაწევა დაიწყო და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 31%-ია“.


ერთ ბანკზე მიჯაჭვული პენსიონერები და დამატებით ახალი სესხი „ლიბერთისგან“


პენსიონერებისთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ მათ „ლიბერთი ბანკის“ გარდა სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ და შესაბამისად უწევთ დათანხმდნენ იმ კაბალურ პირობებს რასაც ბანკი სთავაზობთ. სესხის აღების დროს, ხშირ შემთხვევაში მათ რამდენიმე თვის განმავლობაში, სრულად უწევთ საკუთარ პენსიაზე უარის თქმა და თავის გასატანად არანაირი თანხები არ ჰყოფნით. ამ სიტუაციით კი ყველაზე მეტად, ბუნებრივია, ბანკი სარგებლობს. მათ გარანტირებულად იციან, რომ ყოველთვიურად სესხის თანხის გადახდა ავტომატურად მოხდება ჩარიცხული პენსიის საფუძველზე და შესაბამისად, სულ უფრო მეტი პენსიონერის ჩათრევას ცდილობენ ამ სქემაში.


სულ ახლახანს „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერებისთვის კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შესთავაზა პენსიონერებს – გრძელვადიანი საპენსიო სესხი. სესხი გაიცემა 18 თვის ვადით სესხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 600 ლარს და მისი მიღებიდან ყოველ სამ თვეში შეუზღუდავი რაოდენობით შესაძლებელია დამატებითი სესხის მიღება. სესხის დაფარვა ხდება შემდეგნაირად: თავდაპირველი ან დამატებითი თანხის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში სესხი იფარება პენსიის სრული ოდენობით, შემდგომ თვეებში კი დარჩენილი დასაფარი თანხა ნაწილდება თანაბრად მინიმუმ 15 თვეზე.


ანუ როგორც ვხედავთ ამ სესხის აღების შემთხვევაშიც პენსიონერი 3 თვის განმავლობაში პენსიის გარეშე რჩება. გარდა ამისა, გამოდის, რომ მაგალითად, თუკი პენსიონერმა 1000 ლარი გამოიტანა, მან სამ თვეში უნდა დაფაროს 600 ლარი და შემდეგ 15 თვე უნდა იხადოს დარჩენილი 400 ლარი, რაც სრულიად გაუგონარი პირობაა და ცხადყოფს, რომ ბანკი პენსიონერების ძარცვაზეა ორიენტირებული.


გამოსავალი, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს


აღსანიშნავია, რომ 2019 წელს იწურება სახელმწიფოს მხრიდან „ლიბერთი ბანკთან“ საპენსიო მომსახურებისთვის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა. შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ არსებული პრობლემის სიმწვავე და მაქსიმალურად იზრუნოს იმაზე, რომ სხვა ბანკებიც ჩაერთონ საპენსიო მომსახურებაში. თორემ, სხვაგვარად, თუკი კვლავ „ლიბერთი ბანკს“ დარჩა პენსიების გაცემაზე ექსკლუზიური უფლება, არსებული რეალობა კვლავ მძიმე დარჩება. ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ პენსიონერებს მოუწევთ, რომ საკუთარი მცირე პენსიის ბოლო კაპიკებიც კაბალური პირობებით აღებულ სესხში გადაიხადონ.




bfm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031