როგორც პარლამენტარმა განაცხადა, ვინც ოპოზიციის პარტიული აქტივის ფეისბუკგვერდებზე შეიხედავს, ნახავს, როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიას.
„მსგავსი გამოსვლებით, ვერ მიაღწევენ მიზანს... მთელი დღეა, დღეს ვისმენთ განცხადებებს სხვადასხვა მხრიდან, ვის უყვარს სამშობლო, მამული, ენა, სარწმუნოება და ასე შემდეგ. ვინც თქვენი პარტიული აქტივის ფეისბუკგვერდებზე შეიხედავს, ნახავს, როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიას. შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ. რაღაზე ვლაპარაკობთ? შეთქმულების თეორიებს დავანებოთ თავი. მე წაგიკითხავთ რამდენიმე წინადადებას და მგონი, არ იქნება კარგი მოსასმენი. როდესაც უბინძურესი კამპანია დაიწყო ერთმა ადამიანმა პატრიარქის წინააღმდეგ, წინა დღეებში, ერთმა ე.წ. პოლიტიკოსმა, გააკეთა ასეთი განცხადება: „ეს არის შოკის მომგვრელი, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეკლესიის წიაღში მყოფმა ადამიანებმა ეს ყველაფერი იცოდნენ. ეს ჭორის სახით ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოვიდა გარეთ. მმართველობას რაც შეეხება, არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში გამოცდილება ორმოცწლიანი, შუასაუკუნეობრივი მართვის სტილი ყოველთვის ასე მთავრდება. ეს არის ბოლო ჟამის ნიშნები. მმართველობას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ლოგიკური დასასრულია იმისა, რაც აქამდე იყო და როგორც იმართებოდა მარტორქებით და რაღაც დახურული შუასაკუნეობრივი მეთოდებით საქართველოს საპატრიარქო“. ვინ დგას ამის უკან? ეს არის თქვენი ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება და მერე ვკამათობთ, უკან და წინ ვინ დგას რაღაც მოვლენების“ - განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ თურმე მოდაში აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკი და მათ რაც არ უნდა დააშავონ, არ უნდა შეეხო.
„რაც შეეხება თქვენი კოლეგის მიერ ნახსენებ ფსკერსა და სიბნელეს, სად არის, ახლა მე თქვენ აგიხსნით, ვინ გოშიაა და ვინ ვინ არის. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენი კოლეგებიც, ჩვენი გუნდიდან გასულებიც ეთანხმებიან იმ ტრენდს, რომ აღარ უნდა ვილაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, აღარ არის მოდაში. მოდაში აღარ არის თურმე ნაცებზე ლაპარაკი. დღეს რაც არ უნდა მოატყუონ ხალხს, რაც არ უნდა გააფუჭონ, რაც არ უნდა საბოტაჟის ნიშნები იყოს მათ მოქმედებაში, არ უნდა შეეხო. მომავალზე ვლაპარაკობთ და წყალტუბო არ მოსწონთ. მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი მოსწონთ, 2008 წელს დავიწყეთ და 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო, ესენი მოვიდნენ და გააჩერესო. წყალტუბოზეა ლაპარაკი. 2012 წელს თურმე წყალტუბოს აღმშენებლობა შეგვიჩერებია. ეს მოსწონთ“. - ამბობს მდინარაძე.
მამუკა მდინარაძე საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და თქვა, რომ შეიძლება საერთოდ არ იყო მორწმუნე, მაგრამ პატივისცემა ხომ მაინც შეიძლება გქონდეს იმ ინსტიტუტის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის განვითარებაში.
„დაბოლოს - მიადექით ყველაზე წმინდას ბევრი ქართველისთვის და ბევრი მართლმადიდებლისთვის. შეიძლება ვიღაც საერთოდ არ იყოს მორწმუნე და სხვა წარმოდგენები ჰქონდეს რაღაც-რაღაცებზე, მაგრამ პატივისცემა მაინც ხომ შეიძლება გქონდეს იმ ინსტიტუტის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენს ისტორიაში და ქვეყნის განვითარებაში. მიადგნენ რწმენას და პატრიარქის დისკრედიტაცია განიზრახეს. ეს არის თქვენი რეალური სახე და რაც არ უნდა გადააბრალოთ ვიღაცებს რაღაცები, ასე დარჩება“ - განაცხადა მდინარაძემ.