გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივი მოსმენა გამართეს

1-03-2018

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე  „ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების კომპონენტის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც კანონმდებლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  გენადი არველაძემ გააცნო.

 

მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული ვალდებულებები წარმოადგენს მთავრობის მთავარ დღის წესრიგს და ამოცანას, რომელსაც თანმიმდევრულად ასრულებენ.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, შესაბამისად, ეს შეთანხმება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რომელიც ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას ევროკავშირთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

მისი ინფორმაციით, 2017 წელს ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და შეადგინა 2 მილიარდ 844 მილიონი აშშ დოლარი, ექსპორტი გაიზარდა 13%-ით, და შეადგინა 646 მლნ აშშ დოლარი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიანიშნებს საქართველოს დაახლოებაზე ევროკავშირის ბაზართან. მისივე თქმით, ასევე საკანონმდებლო ჰარმონიზაცია ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.  მომხსენებელმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  ექსპორტის ზრდაზე ცალკეული პროდუქციის მიხედვით, რომელიც შეეხო როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ასევე ზოგიერთ სამრეწველო საქონელს. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად, თითქმის 32%-ით გაიზარდა ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი, რომელიც დღეისათვის 700-ზე მეტია. რაც მთავარია,  გაიზარდა ქართული პროდუქტებისადმი ნდობა ევროპის ბაზარზე.

მომხსენებელმა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს კანონმდებელთა კითხვებს.

დასასრულ, ორივე კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის,  რომან კაკულიას განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებს კომიტეტის კიდევ ერთ სხდომას მიუძღვნიან, რომელზეც უკვე დეტალურად განიხილავენ 2018 წლის სამოქმედო გეგმას.

 

კომიტეტების გაერთიანებული სხდომის შემდეგ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მუშაობა დამოუკიდებლად გააგრძელა და  პირველი მოსმენით განიხილა  საკანონმდებლო პაკეტი შრომითი უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებასთან დაკავშირებულსაკითხებზე. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პაკეტი მოიცავს კანონპროექტებს: 

 

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოსშრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,  საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

საკანონმდებლო ინიციატივა პრინციპების დონეზე კომიტეტის წევრებს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გააცნო. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ყველა ეტაპზე პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობით. მინისტრის მოადგილის განმარტებით, შრომის უფლებების საკანონმდებლო მექანიზმებით დაცვის საკითხები შეადგენს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელოვან ნაწილს.

„აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართი - დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები - მოიცავს შრომის უფლებების ყველა მიმართულებას. ამ მხრივ აღსანიშნავია, 2000 წლის 29 ივნისის საბჭოს 2000/43/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას და 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივა, რომელიც დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით აყალიბებს თანაბარი მოპყრობის ზოგად სტრუქტურას. ზემოაღნიშნული დირექტივები ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, შემოიღონ და/ან გააუმჯობესონ არსებული საკანონმდებლო ნორმები და არსებული პრაქტიკა, განსაზღვრონ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და დააწესონ სანქციები დარღვევების აღმოჩენისას. დასახელებული დირექტივების დებულებები უნდა შესრულდეს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში“,- - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

 

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის ძირითადი არსია პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში განამტკიცოს, არამედ წინსახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც მოიცავს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ წარადგინა გარკვეული მოსაზრებები და რეკომენდაციები კანონპროექტებთან დაკავშირებით და ავტორთა ჯგუფი მუშაობს ამ რეკომენდაციებზე და შეთანხმებული წინადადებები მეორე მოსმენისთვის იქნება წარმოდგენილი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთა პაკეტს ზოგადი პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031