14-11-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ არჩევნების პროპორციული წესით
ჩატარებასთან დაკავშირებით ჩაგდებულ კანონპროექტზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით ოპოზიციის წევრების მხრიდან მუქარები იყო კენჭისყრამდე და შემდეგაც, თუცა, კობახიძის თქმითვე, ბუნებრივია მათ ეს მუქარები არ გამოსდით.
„ყველას და მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ვინაიდან ეს არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას და მოსახლეობას. შესაძლოა მათ ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა იმისა, რომ რაღაც მოიმოქმედონ, თუმცა მათ ამის საშუალება არ ექნებათ. რაც შეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ვერც სახელმწიფოს დააკლებენ ვერაფერს და ვერც ეკლესიას. ჩვენ მომავალი წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს არის ჩვენი მთავარი დღის წესრიგი“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე, პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიული პროცესის გამოვლინებაა.
,,ჩვენს გუნდში გვქონია არა ერთი პროცესი, სადაც საბოლოო ჯამში მიღებული იქნა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამებოდა უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ეს არის შიდა დემოკრატიული პროცესი და ერთ-ერთი მთავარი მიღწევა რაც გვაქვს, არის ის, რომ დეპუტატები აღარ არიან ღილაკის მიმჭერები, რაზეც დიდი კრიტიკა ისმოდა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა დღეს პროპორციული წესით არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩააგდო.