14-11-2019
პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
ეს განცხადება მდინარაძემ პარლამენტის მიერ დღეს, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„პროპორციული სისტემა არის უკეთესი, მე ამ პოზიციას ვიზიარებ, თუმცა, მაჟორიტართა დიდი ნაწილი ამას არ დაეთანხმა’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოსალოდნელი არ არის.
,,არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება. რაციონალურად უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ერთი გადაწყვეტილების გამო ქვეყანა არ უნდა ავრიოთ, თუმცა, მესმის, რომ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებაც. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავალი წლის არჩევნებისთვის, სადაც უნდა გავიდეთ ღირსეულად და უნდა მივცეთ ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა, რომ ასევე ღირსეულად მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რიგგარეშე არჩევნებს" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.