კობა გვენეტაძე: ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება
22-12-2017
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტს 2018-2020 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. კობა გვენეტაძემ გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან ინდიკატორს წარმოადგენს. ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას იმგვარად წარმართავს, რომ ინფლაცია ეტაპობრივად მიუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს.
„ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მექანიზმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და საშუალოვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის მისაღწევად შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ინფლაციის თარგეთირება არ გულისხმობს, რომ ინფლაცია მუდმივად მიზნობრივი მაჩვენებელის ტოლი უნდა იყოს - ინფლაცია ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე მაღალი, ზოგჯერ კი - მიზნობრივზე დაბალი, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ის იმოძრავებს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა
კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედება ეკონომიკაზე დროითი ლაგით, ანუ გარკვეული დაყოვნებით აისახება, რაც, განვითარებულ ქვეყნებში არის 2-3 წელი, ხოლო საქართველოს მსგავს ქვეყნებში, 1-1.5 წელი.
„ინფლაციის მაჩვენებლის უფრო სწრაფად შემცირებაც არის შესაძლებელი, თუმცა ეს გამოიწვევდა ეკონომიკური ზრდის მკვეთრად კლებას და უმუშევრობის ზრდას. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია. შესაბამისად, მიღწეულია ეროვნული ბანკის მანდატით განსაზღვრული ამოცანა: ფასების სტაბილურობა და ამავე დროს ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.