15-11-2019
პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელიც გვინდოდა, რომ განხორციელებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა, არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ამ დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი იყო 2020 წელზე. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში, 2024 წლიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას და შესაბამისად, რაც არ უნდა ხდებოდეს, სახელმწიფო, პოლიცია დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.