19-11-2019
ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მისი შვილისა და მისი თანმხლები პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ ბრალდებას ეხმაურება.
პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს სოსო რობაქიძე იზიარებს და აცხადებს, რომ მისი გარდაცვლილი შვილი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ შემუშავებული გეგმით დაადანაშაულეს, რათა პოლიციის სახელი არ შელახულიყო.
„სწორედ ზურა ადეიშვილი და ოქრუაშვილი იყვნენ ამ საქმის გამყალბებლები, ზურა ადეიშვილი პროკურატურაში აყალბებდა, ხოლო ოქრუაშვილი შსს-ში. ოქრუაშვილმა გასცა იარაღების გამოტანის ბრძანება, რომ არ შელახულიყო პატრულის სახელი. ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, 18 წლის ბიჭს დანაშაული დააბრალეს და ერთადერთი შვილი მომიკლეს’’ - აცხადებს სოსო რობაქიძე.
ბუტა რობაქიძის მამა ასევე აღნიშნავს, რომ მალე კიდევ ერთ მაღალჩინოსანს წაუყენებენ ბრალს.
,,ძალიან მალე პროკურატურიდან კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინება ბრალი. მის ვინაობას ამჯერად არ დავასახელებ, თუმცა ამ ინფორმაციას ძალიან მალე გაიგებთ’’-განაცხადა რობაქიძემ.