20-11-2019
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას ეხმიანება და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
"2008 წლის აგვისტოში ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. ის, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი, ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აი ეს არის სიმართლე.
სამედიცინო საზოგადოების სახელით, კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - წერია განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.
15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.
სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს.