20-11-2019
„მაჟორიტარი დეპუტატების ახალი ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას გულისხმობს, ყველაზე დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა“ - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.
„მაჟორიტარ დეპუტატებს ახალი ინიციატივის დარეგისტრირება სურთ. პარალელურად მოჰყავთ იმ ქვეყნების მაგალითები, რომლებიც ითვლებიან ყველაზე დემოკრატიულ ცივილიზებულ ქვეყნებად და გააჩნიათ მთლიანად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები” - ამბობს ნიკოლაიშვილი.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მაჟორიტარები იწყებენ მოწოდებებს საკითხის შინაარსობრივ განხილვაზე აქცენტის გასაკეთებლად.
“დღეს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საკუთარ კაბინეტში შეხვდა მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილს. კარლო კოპალიანი, კახა ოქრიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე - დეპუტატებმა გადაწყვიტეს ერთად მიმართონ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს, რათა ფორმალურად დაიწყონ პროცესი რეგიონებში ხელმოწერების შესაგროვებლად მათი ინიციატივის მხარდასაჭერად.
ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ პრინციპზე გადაყვანას. დიმიტრი ხუნდაძე იყო ლიდერი და ინიციატორი 40-მდე მაჟორიტარი დეპუტატის პროტესტისა, როდესაც მათ უარი განაცხადეს ქართული ოცნების მიერ დაანონსებული დაპირების შესრულებაზე, მიეღოთ საკონსტიტუციო ცვლილება და ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით.
დიმიტრი ხუნდაძემ შეძლო საკმარისი მხარდაჭერების მოგროვება საკონსტიტუციო ცვლილების ჩასაგდებად, შემდეგ საუბარი გადაიტანა იმ საფრთხეებსა და შიშებზე, რასაც შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო სისტემის დღესვე ცვლილება, დღეს კი საუბარი დაიწყო საპირისპირო ცვლილების ინიცირებაზე. ნაცვლად სრულად პროპორციული სისტემისა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად.
მიმდინარე პროცესში ხშირად ისმის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ხალხს არ აინტერესებს საარჩევნო სისტემა, მთავრობის მომხრეებს დასტურად მოჰყავთ ქუჩის პროტესტის ჩავარდნა, როცა პარლამენტის შენობის ბლოკირებისას ოპოზიციონერებმა მხოლოდ საკუთარი აქტივისტების მობილიზება შეძლეს, საუბრობენ ცვლილების საფრთხეებზე, ხოლო ოპოზიცია საუბრობს შეუსრულებელ დაპირებაზე, რაც გასცა ქართულმა ოცნებამ, და იმედგაცრუებაზე, რამაც გამოიწვია ოცნების დატოვება რამდენიმე თვალსაჩინო დეპუტატის მიერ” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.