23-11-2019
„ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქონების 90 პროცენტს ტოვებს ქველმოქმედების განსაკუთრებულ ფორმაში - საზოგადოებრივ სიკეთეებში“ - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ანალიტიკურ ვიდეობლოგში, რომელშიც ქართული სიმდიდრის ტრადიციებზე საუბრობს.
მისი თქმით, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ბიძინა ივანიშვილი, ქართული სიმდიდრის ახალი ტრადიციის შემქმნელია. მას არ უშოვნია ფული თავის ქვეყანაში, ანუ პირველი ტესტი გავლილია - ხალხს არ აქვს განცდა რომ მან ისინი გაძარცვა.
„ქართველებს გვქონდა სიმდიდრის ტრადიცია. დავით სარაჯიშვილი, მიტროფანე ლაღიძე, ეს ადამიანები ხალხში დიდი სიმბოლური კაპიტალით სარგებლობენ, იმიტომ რომ ისინი ზრუნავდნენ სხვებზეც, მონაწილეობდნენ საერთო სიკეთის შექმნაში და უნაწილებდნენ ქონებას.
ქართველებს ასევე ერთი საინტერესო თვისებაც გვაქვს, ცოცხალ ადამიანებს დიდად არ ვწყალობთ. როდესაც იწერება წიგნები, ქართველ მუსიკოსებზე, რეჟისორებზე, ფილოსოფოსებზე, ყოველთვის გარდაცვლილები შეჰყავთ და ცოცხლებს გაურბიან, თითქოს ეშინიათ ძალიან არ განვადიდოთო.
ჰოდა ამ პრინციპით, ბიძინა ივანიშვილიც, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ქართული სიმდიდრის ახალი ტრადიციის შემქმნელია. მას არ უშოვნია ფული თავის ქვეყანაში, ანუ პირველი ტესტი გავლილია, ხალხს არ აქვს განცდა რომ მან ისინი გაძარცვა და აქვე, სადაც კაპიტალი დააგროვა, იქაც არ არსებობს მსგავსი პრეტენზიები, ანუ იქაც კანონიერად აქვს ნაშოვნი.
მეორე ტესტი - საკუთარი ქონების 90 პროცენტს ტოვებს ჩვენთან ქველმოქმედებაში, უფრო სწორად ქველმოქმედების განსაკუთრებულ ფორმაში - საზოგადოებრივ სიკეთეებში. ქველმოქმედება არის ერთჯერადი დახმარების აქტი, და საზოგადოებრივი საქმიანობა არის სისტემური საჭიროებების მოგვარება. მაგალითად, ქალაქების რეაბილიტაცია, კონკრეტული სფეროების, მაგალითად მედიცინის მიმართულების გაძლიერება, ტექნოლოგიური საქმიანობის შექმნა, განათლება, კულტურული ძეგლების რესტავრაცია, ბიზნესის იმგვარი მხარდაჭერა, რომელიც მისთვის მოგებაზე არ გადის, ანუ სოციალური ენტერპრენერშიპი და ა.შ. ანუ, ბიზნეს ელიტის ამოცანა ზუსტად ეს უნდა იყოს - ადგილობრივი წარმოების განვითარება, ცხოვრების დონის ამაღლება და მატერიალური რესურსების ჰუმანური გადანაწილება თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ სოციალური სტაბილურობის გარეშე მათი სიმდიდრეც არ არის სტაბილური.
მესამე ტესტი არის ფუფუნების საგნები, და მისდამი უინტერესობა, აქაც ჩაბარებულია ტესტი და ყველაზე მთავარი - დისციპლინაა, რომელშიც ცხოვრობს თვითონ და იცავს ყველა მასთან მყოფი პირი.
იმაზე რაზეც ოპოზიციურად განწყობილ მედიები ცუდად გვაწოდებენ, რომ დილით ადრე დგება, სტაფილოს წვენს სვამს და ა.შ. ეს მხოლოდ კარგს ყვება მასზე, დისციპლინაზე მიუთითებს, საკუთარი თავის კონტროლზე, მუდმივ წვრთნაზე და არა საკუთარი სურვილების და ვნებების მორჩილებაზე, რომელსაც ბევრი ფული აუცილებლად იწვევს“ - ამბობს გური სულთანიშვილი.
მისი თქმით, საზოგადოებაში, სადაც „უფულო“ უმრავლესობა ფიქრობს, რომ „ფულიან“ უმცირესობას ეს ფული მათი გაძარცვის გზით აქვს მოპოვებული ძალიან რთულია სიმდიდრის, როგორც ფენომენის სწორად აღქმა მოხდეს.
„ხალხს განცდა აქვს რომ მისი რაღაც აიღეს, აი მაგალითად , დეველოპერი ან ბანკირი, რომელიც ორმაგ და სამმაგ ფასად ყიდის თავის მოქალაქეებზე ყველაფერს, ასახლებს სახლებიდან, თავის თანამშრომლებს მინიმალურ ხელფასს უხდის, ცუდ დაზღვევას უკეთებს, ძალიან რთულია ეს ფენომენი ხალხში მოწონებას იმსახურებდეს. მას თვითონვე აქვს განცდა რომ ეს სიმდიდრე დროებითია, არავითარი ტრადიცია არ სჭირდება, მან უნდა მოასწროს ყველაფერი, რადგანაც შეგრძნება აქვს რომ მერე მოკითხავენ.
დასავლელ კაპიტალისტთან შედარებით, შვილსაც საინტერესოდ ზრდის, უყიდის დიდ შავ ჯიპს და ეუბნება რომ თუ რამეს დააშავებს ამ მანქანით და ზოგადად ცხოვრებაში ის ყოველთვის უშველის. შვილს უხსნის რო ის ყველაზე კაი ტიპია, არც რიგში უნდა ჩადგეს, არც თანასწორობის საყოველთაო სამოქალაქო ნორმებში ჩაჯდეს და ზოგადად, განისხვავოს თავი დანარჩენი მოქალაქეებისგან, ფუფუნების ნიშნებით და ა.შ.
დააკვირდით, ჩვენთან ძველ პოლიტიკურ კლასს და ზოგადად ახალ გამდიდრებულ ადამიანებს, იმწამსვე იცვლებიან, ფუფუნების ნიშნებით აღიჭურვებიან, ფორმიდან ვარდებიან, ჭამენ უზომოდ და რაღაც ვულგარული ნიშნები ემატებათ.
ამის ყველაზე კარგი მაგალითია კმარას აქტივისტები, რომლებიც შემდეგ პოლიტიკაში მოვიდნენ. მათი შედარება აქტივიზმის დროს და შემდეგ პოლიტიკაში ყოფნის დროს, ძალიან საინტერესოა, როგორი გაყოყოჩებულები არიან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება სიმდიდრის და მდიდრების ახალი ტრადიცია, ახალი ცხოვრების წესი, რომელიც იქნება საზოგადოებაზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობებით დატვირთული და არ იქნება მხოლოდ საკუთარი ქონების დაგროვებაზე და გამდიდრებაზე ორიენტირებული. ამის შემდეგ მოხდება სიმდიდრის, როგორც ფენომენის ხელახალი აღქმა და დაფასება ჩვენთან“ - ამბობს გური სულთანიშვილი.
ვიდეოს ბმული
https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/2453828028194086/