2-03-2018
იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის ტელეფონი ლამის ააფეთქეს ჟურნალისტებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. ამის მიზეზი ის ჭორები იყო, რომლებიც მის გარშემო ვრცელდებოდა, თითქოს თავს დაესხნენ, გადაცემა არჩევნების წინ სპეციალურად შეწყვიტა და ა.შ. მერე კი ხმა გავრცელდა, რომ პოპულარულ შოუმენს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა და სხვადასხვა ვერსიებიც გაჩნდა ამის თაობაზე. რეალურად რა ხდებოდა მის თავს, ამის შესახებ ვანო ჯავახიშვილი პირველად საუბრობს “სარკესთან”.
– ვანო, საპარლამენტო არჩევნების დროს თქვენი გადაცემა აღარ გადიოდა, რასაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამბობდნენ, არჩევნების წინ სპეციალურად შეწყვიტა გადაცემაო.
– ჩემს ცუდად ყოფნას მართლაც ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მაინცდამაინც მაშინ დამემარათა ეს, როცა არჩევნების პერიოდი უწევდა. ამ ხალხს კიდევ მეტი რა უნდოდა და პირდაპირ დაიწყეს არჩევნებთან ჩემი მიკერება, რაც აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო. სად არჩევნები და სად მე! არჩევნებთან რა შუაში ვარ?!
გადაღლისგან წამიერი გათიშვა და ტვინის შერყევა მქონდა, ერთ-ერთ სუპერმარკეტში წავიქეცი.
– როგორ მოხდა ეს, რა მდგომარეობაში იყავით, დახმარება ვინ გაგიწიათ?
– სალაროსთან დამემართა ეს, სანამ ფულს გადავიხდიდი. როცა გონს მოვედი, უკვე იატაკზე ვიწექი და მასულიერებდნენ, წყალს მასხამდნენ. ცოტა ხანში სასწრაფოც მოვიდა და ლუბლიანაზე, რკინიგზის კლინიკაში წამიყვანეს. იქ მძიმე ფორმის ტვინის შერყევა დამიდგინეს. სტაციონარში აღარ დამტოვეს და სახლში წამოვედი – იქვე ვცხოვრობ.
წოლითი რეჟიმი მქონდა, ოღონდ სიბნელეში უნდა ვყოფილიყავი, სინათლე არ შეიძლებოდა. ყველანაირ ინფორმაციას ვიყავი მოწყვეტილი, რადგან არც ტელევიზორის ყურება შეიძლებოდა, არც “ფეისბუქზე” შესვლა, არც მესიჯების კითხვა და მერე მივხვდი, თურმე რა კარგია ეს ცხოვრება.
– ტვინის შერყევა დავარდნის შედეგად მიიღეთ?
– კი, თავი დავარტყი.
– რადგან თავის ტრავმა გქონდათ, ალბათ ამიტომაც ამბობდნენ, რომ თავს დაგესხნენ.
– სხვათა შორის, როგორც კი გონს მოვედი, მაშინვე ის გავიფიქრე, ალბათ ახლა დაწერენ, რომ ვიღაც თავს დამესხა-მეთქი. სუპერმარკეტის კამერებმა ყველაფერი დააფიქსირა, თავს არავინ დამსხმია. სალაროსთანაც კი მარტო ვიდექი. მარტო რომ არ ვმდგარიყავი, ტვინის შერყევა არ მექნებოდა, ხალხი მაინც დამიკავებდა. მოკლედ, ვერსიები ისეთი ჰქონდათ, რომ…
ხომ თქვეს, კაცი ცუდად არის, ტვინის შერყევა აქვსო, მაინც საოცარი ვერსიები მოვისმინე. თურმე ექიმებიც მოვისყიდე, რომ ეს ეთქვათ. საქართველოში ადამიანის ფანტაზია სადამდე შეიძლება წავიდეს, ეს ჩემთვის ჯერჯერობით ამოუხსნელია.
– იმასაც კი ამბობდნენ, რომ სხვა არხზე აპირებდით გადასვლას და ავადმყოფობა მოიგონეთ.
– ყოველთვის სტაბილურობის მომხრე ვარ. ჩემი ტელეკომპანია მიყვარს. ჩემი მხრიდან დიდი დანაშაული იქნებოდა, სხვა რომელიმე ტელეარხზე გადავსულიყავი, რადგან აქ შევიქმენი, აქ დავიბადე. ამ ტელეკომპანიას ზურგი რომ ვაქციო, ყველაზე დიდი დანაშაული იქნება, ცხოვრების ბოლომდე მექნება ეს ტრავმა.
– თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ შემოთავაზებები ალბათ გქონიათ სხვა არხებიდან.
– მოდი, ასე ვთქვათ, სხვა არხებიდან – არა, სხვა არხიდან პირველი ზარი ჩვენთან გაისმა. იყო ადამიანი, რომელიც ჩვენთან შეხვედრას აპირებდა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცოდით, რაზეც მიდიოდა საუბარი, მათი წინადადება ჩვენთვის მეასეხარისხოვანი იყო, ამიტომ შეხვედრაზეც კი უარი ვთქვით.
– როგორ გაუძელით იმ პერიოდს, როცა წოლითი რეჟიმი და საინფორმაციო ვაკუუმი გქონდათ?
– ერთი მხრივ, ამას პლუსიც ჰქონდა, დავისვენე, გონებრივადაც ტვინის “რეფრეში” გავაკეთე. სამსახურში რომ მოვედი, ტვინი “გადარეფრეშებული” მქონდა, დიდ ენერგიაზე ვიყავი. ის ერთი თვე ოჯახთან ერთად გავატარე და ძალიან სასიამოვნო იყო. კარგია, როცა არანაირ ინფორმაციას არ ისმენ და რეალობას აბსოლუტურად ხარ მოწყვეტილი.
ახლა ვხვდები ხოლმე, მთაში ადამიანები რომ ცხოვრობენ და ტელევიზორი არ აქვთ, რა ბედნიერები არიან. ცოტა კი მქონდა ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თავბრუსხვევები და ა.შ., მაგრამ ვუძლებდი.
– გენატრებოდათ თქვენი გადაცემა, ეკრანი?
– ორ კვირაში ვაპირებდი ეთერში გასვლას, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ მეშინოდა, შეიძლება კიდევ გავითიშო, კიდევ წავიქცე-მეთქი. დაახლოებით ორი კვირა სამსახურში მოვდიოდი, სტუდიაში შევდიოდი, რომ იმ გარემოს შევგუებოდი. სტუდიაში რომ შევედი, ეგრევე შიში დამეჯახა! მოკლედ, 2 კვირა ასე ვალაგებდი ყველაფერს – მოვდიოდი, სტუდიას ვნახულობდი, მერე მეუღლეს სახლში მივყავდი.
ერთ თვეში ჩვეულებრივად გამოვედი სამსახურში და მთლიანად მომეხსნა ემოციური ფონი. ერთი შეხედვით, მარტივია ტვინის შერყევა, ამაზე გვიცინია, ხუმრობითაც გვითქვამს, ტვინი ხომ არ შეგერყაო, მაგრამ საკმაოდ რთული რაღაცაა.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”