27-11-2019
"ჩვენც შეგვექმნა 20 ივნისს ეიფორია, რომ აქციაზე გაჟღერებული მოღხოვნები იყო ახალგაზრდების მოთხოვნა, ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა და ამაზე თანდაყოლით გავყევით, მაგრამ ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა და ეს იყო სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია"-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცმოძრაობასთან გაიგივებულია ისეთი ძალები, როგორიცაა ევროპული საქართველო იქნება თუ ლეიბორისტული პარტია, ვინც ერთ გუნდში თამაშობენ და ერთ თამაშს თამაშობენ.
"ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები ყოფილი თუ ახლანდელი, არ აქვს მნიშვნელობა მათ მე "ნაციონალურ მოძრაობად" მოვიხსენიებ. აქცია სწორედ მათგან ორგანიზებული იყო და ნაცვლად იმისა, რომ რაღაც გრძნობადობა ყოფილიყო პროპორციული არჩევნების შესახებ, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მივიღეთ უარესი აგრესია სამი თვის განმავლობაში. ისინი ქუჩიდან ვერ გავიდნენ და არ გავიდნენ და თუკი რამე შეიძლებოდა სალანძღავი გინება და ლანძღვა ამას თან სდევდა. ამის გამო განწყობა გუნდში რა თქმა უნდა იცვლებოდა და ადგილ-ადგილ, დრო და დრო მიწევდა ხალხის დაწყნარება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს რა გავაკეთეთ, რისთვის გავაკეთეთ, ვისთვის გავაკეთეთი.
როდესაც პლენარული სხდომა მიდიოდა საშინელი შეურაცხყოფები გაგრძელდა ისევ თანაგუნდელების მიმართ, მე არც კი გავიმეორებ ისეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეტყობა, ეს დაგროვდა და შეიძლება პლენარული სხდომა ბოლო წვეთი იყო. გახსოვთ, მაშინ დაიწყო სამმა ოთხმა დეპუტატმა ეს გადაიზარდა ათ და თხუთმეტში. ერთი სხდომა ჩავატარეთ, უმრავლესობა შევკრიბეთ სასწრაფოდ, მეორე სხდომაზე უკვე ოცდახუთამდე ადამიანი ითვლებოდა ვინც აშკარად თუ შეპარულად გამოხატავდნენ უკვე, რომ მხარს არ დაუჭერდნენ.
სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირად ცუდსა და უარესს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება, იშვიათად კი კარგსა და უკეთესს შორის გვიწევს და აქაც სწორი არჩევანი უნდა გააკეთო. ხიფათი დავინახე, რომ შეიძლებოდა ეს გუნდი დაშლილიყო და მსგავსი უბედურება მიგვეღო და პირველი რაც მოვახერხეთ კენჭისყრის წინ, ადრევე შევიკრიბეთ უმრავლესობა და კენჭი ვუყარეთ, რომ კოლექტიური ხმის მიცემა იქნებოდა.
ჩვენ დავუშვით თავისუფალი კენჭისყრა. დისციპლინარულად, მაჟორიტარებს აღარ აქვთ პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე და მოხდა ის, როგორც მოხდა.
სამი თვე ქუჩიდან რომ არ გავიდნენ და ოდნავ არ შეუცვლია თავისი ქცევები "ნაციონალურ მოძრაობას", პირიქით, გააღრმავეს კიდევაც ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა.
პლენარულ სხდომაზეც ეს მოხდა. მე ვფიქრობ, რომ მათ ეს არ აწყობდათ. მათ უნდოდათ ან გუნდი დაეშალათ მთლიანად, ან დაეშალათ ნაწილობრივ, როგორც მოხდა ეხლა. ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა, რატომ? იმიტომ რომ თავის დაპირებული ვერ შეასრულა, ბევრი ღირსეული წევრი გავიდა ჩვენი გუნდიდან და ესეც გუნდისთვის გარკვეული ზიანია. რომ შევაფასოთ ზოგადად სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მოხდა. დრამატულად შეიძლება განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები ემოციურად. მე ვთქვათ მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად განიცდის, ვიღაც კიდევ სხვანაირად განიცდის, მაგრამ თუ პრაგმატულად შევაფასებთ, მართალია ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ ნახეთ განვითარებული ქვეყნები, დემოკრატიული ქვეყნები, არ არსებობს, რომ პარტიას არ ჰქონდეს გაცხადებული და შეუსრულებელი დაპირებები. არაფერი დრამატული არ მომხდარა, თუ პრაგმატულად შევაფასებთ, და მითუმეტეს, იმის ტოლფასი არ მომხდარა არაფერი, რომ გამოდიან დღეს ქუჩაში ისევ, ეს ქუჩის ოპოზიცია და აღწერენ, რომ საშინელება მოვახდინეთ და ითხოვენ სამართლიან არჩევნებს. "სამართლიანი არჩევნები გვინდა", ცხრა წელი ხელისუფლებაში იყვნენ და გამოდის, რომ უსამართლო არჩევნებს ატარებდნენ"-განაცხადა ივანიშვილმა.