28-11-2019
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუს კოლეგას გრიგორი კარასინს ხვდება. პრაღაში შეხვედრის დაწყებამდე რუსს დიპლომატს „ქრონიკა“ ესაუბრა.
კარასინი „ქრონიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს ჯერ ვერაფერს ეტყვის.
„იმედი მაქვს, რომ გაათავისუფლებენ“, - თქვა კარასინმა. კითხვაზე როდის, კარასინი პასუხობს: „არ ვიცი, ეს კითხვა ჩვენ არ გვეხება“.
„ჩვენი ამოცანაა, ჩიხიდან გამოვიყვანოთ ურთიერთობები, რომელიც დაიძაბა დემონსტრაციებით, განცხადებებით, უხეში გამონათქვამებით ჩემი ქვეყნის მისამართით ივნისსა და ივლისში. მგონი, ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობები გვაქვს. შიდაპოლიტიკური სიტუაცია საქართველოში ისევ არეულია და იმედი მაქვს, ეს გავლენას ურთიერთობებზე არ მოახდენს.
არ ვსაუბრობ გავრილოვის ვიზიტზე, არამედ იმაზე, თუ რა მოჰყვა ამ ვიზიტს. მაგალითად, განცხადებები ზოგიერთი ტელეწამყვანის, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა. ის ატმოსფერო, რაც შეიქმნა ორმხრივ ურთიერთობებში და რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა რუსეთის მოქალაქეები, ტურისტები. საფრთხე შეუქმნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და იცით კარგად, რაც მოჰყვა ამ ყველაფერს“, - განაცხადა კარასინმა.
15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.