გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი პეტრიაშვილი: დროა მოხდეს 190-ე კონვენციის რატიფიცირება

2-12-2019

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მოახდინოს შსო-ს 190-ე კონვენციის რატიფიცირება ,,შრომის სფეროში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ“.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პროფკავშირები აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული კონვენციის მიღების პროცესში 2019 წლის ივნისში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეასე საიუბილეო კონფერენციაზე. აღნიშნული კონფერენცია ისტორიული მნიშვნელობის გახდა შრომის სფეროში ძალადობისა და შევიწროების შესახებ სავალდებულო გლობალური ხელშეკრულების მიღებით, გენდერულ საფუძველზე ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ჩათვლით.
შსო-ს 190-ე კონვენცია (C190), პირველად განსაზღვრავს ძალადობასა და შევიწროებას შრომის სფეროში, აღიარებს ამ გამოვლინებებისგან დაცვის უფლებას, აგრეთვე ხაზგასმით განიხილავს გენდერულ საფუძველზე ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების საკითხს.

190-ე კონვენცია და მისი თანმდევი რეკომენდაცია 206 (R206) ძლიერი მექანიზმებია მილიონობით ქალის შრომითი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც საზოგადოებისგან გარიყულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან და დაბალა ნაზღაურებად და სახიფათო სამუშაოზე არიან დასაქმებული არაფორმალურ ეკონომიკაში. კონვენცია თითოეულ სექტორსა და მუშაკს ეხება, მისი საკონტრაქტო სტატუსის მიუხედავად. იგი აღიარებს, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და თანასწორობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მთავრობებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ არათანაბარ ძალაუფლებას, რაც ხშირად გენდერულ საფუძველზე ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების მიზეზია.

კონვენცია კონცეფციის გავრცობას ახდენს ფიზიკური სამუშაო ადგილის მიღმაც და მას მიაკუთვნებს სიტუაციებს, რომლებიც სამუშაო ადგილის გარეთ წარმოიშობა, როგორიცაა, მაგალითად, მივლინებები, სამუშაოზე მისვლისა და სამუშაოდან წამოსვლის პროცესი ან სოციალური აქტივობები და ‘კიბერ-ბულინგი’. დოკუმენტი მოითხოვს, აგრეთვე განხილული იქნეს ძალადობისა და შევიწროების ის შემთხვევებიც, რომლებშიც მესამე მხარეები არიან ჩართული - კლიენტი, მომხმარებელი, პაციენტი თუ საზოგადოების წევრი. იგი ასევე მოითხოვს მოქმედებას, რომელიც შეარბილებს ოჯახში ძალადობის ზემოქმედებას შრომის სფეროზე და დახმარების ხელს გაუწვდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, რომელმაც, სხვა შემთხვევაში, შეიძლება ან სამუშაო დაკარგოს ან არჩევანის გაკეთება მოუხდეს შემოსავალსა და უსაფრთხოებას შორის.

190-ე კონვენციისა და მისი თანმდევი 206-ე რეკომენდაციის მიღება, გლობალური პროფკავშირული მოძრაობის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია, განსაკუთრებით, მისი წევრი ქალების. ეს არის პროფკავშირების პასუხი აღორძინებულ პატრიარქატზე და მის თანმდევ გამოვლინებებზე - ქალთმოძულეობაზე, რასიზმზე, ფანატიზმსა და შეუწყნარებლობაზე - რომლებიც ასევე გავრცელებულია ჩვენი შრომის სამყაროში.

ამ დოკუმენტებს, მათი რატიფიცირების და განხორციელების შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. პროფკავშირები და პირადად მე კვლავ გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას სამუშაო ადგილებზე ძალადობის აღმოფხვრის მიზნით"-აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930