2-12-2019
"ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტთან" მოძრაობა "სირცხვილიამ" სირცხვილის კორიდორი მოუწყო და შენობაში შეძახილების ფონზე შეაცილა.
მოძრაობის წევრებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: "წლის საუკეთესო მონა", "თავისუფლება ირაკლი კობახიძეს" და სხვა. ისინი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს "მონას" ეძახდნენ. მათი თქმით, ისინი დაელოდებიან როდის დასრულდება რეგიონული კონფერენცია სასტუმროში და კობახიძეს ისევ მოუწყობენ სირცხვილის კორიდორს.
30 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.