გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა

6-12-2019

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა.

2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთისათვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა არის უპირობო ვალდებულება და შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებისა, მოპასუხე სახელმწიფოს ამ დრომდე არ გადაუხდია დაკისრებული თანხა. ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთის დელეგაცია ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის თანმიმდევრობა, რაც უპირველესად გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ კომპენსაციის გადახდას.

კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ კომპენსაციის თანხის გადაუხდელობა წარმოადგენს კონვენციის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების აშკარა უგულებელყოფას.

კომიტეტმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციებისკენ, რათა განისაზღვროს დაკისრებული თანხის გადახდის მოდალობები.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე − 2020 წლის მარტში − ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილების გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში კომიტეტმა პირველი გადაწყვეტილება 2019 წლის 23-25 სექტემბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930