10-12-2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს, ამ ეტაპზე, მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, ქალაქ თბილისში, ასევე, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას.
ხსენებული პირები სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა - გაყიდვის ოპერაციებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.