გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
„ვაჟა-ფშაველას კუბო გარდიგარდმო გვედო მანქანაში, მესამედი გარეთ იყო დარჩენილი“-როგორ გადაასვენეს მგოსანი მთაწმინდაზე

4-03-2018

ოფიციალურად, ვაჟა-ფშაველა მთაწმინდის პანთეონში 1935 წლის 18 ოქტომბერს გადაასვენეს. სწორედ 18 ოქტომბერს გაიმართა მიტინგი მწერლის ახალ სამარესთან, სადაც „გრძნობიერი და ლამაზი“ სიტყვა თქვა პაოლო იაშვილმა, სადაც სკოლის მოსწავლეებმა მინდვრის ყვავილები მიიტანეს, გიორგი ლეონიძემ კი ვაჟასთვის მიძღვნილი ლექსი წაიკითხა: „შენ დაგმარხეს ბორკილებით - ჩვენ დროშებით ამოგიღეთ!“დღე დასრულდა ვაჟას საღამოთი, რომელსაც კონსერვატორიის დარბაზმა უმასპინძლა... ასეთი იყო გადასვენების ოფიციალური მხარე, მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? ვინ და როდის ამოთხარა ვაჟას საფლავი დიდუბის პანთეონში და რა ვითარებაში გადაასვენეს პოეტის ცხედარი?


სინამდვილეში ვაჟას საფლავი დიდუბის პანთეონში 1935 წლის 16 ოქტომბერს, ღამით გაიხსნა. სიბნელეში, ფარნების შუქზე, საფლავთან მუქი სილუეტები ირეოდნენ. ნეშტი ახალ კუბოში იყო ჩასვენებული (ძველი დამპალი და დაშლილი აღმოჩნდა), თავი და ძვლები ჩოხის ნაფლეთებში ჩაეწყოთ, ჩოხის შალი არ დამპალიყო. შენახული აღმოჩნდა აგრეთვე ჩექმები, რომლებიც მხოლოდ გადახსნილიყო წუღის ძაფის დაშლის გამო.


გადასვენებას ესწრებოდა ქართველ მწერალთა ჯგუფი. მოგვიანებით ერთ-ერთმა ამ ჯგუფიდან, ლევან ასათიანმა 16 ოქტომბრის ღამის ეს ამბავი თავის უბის წიგნაკში აღწერა:


„თავის ქალაზე აქა-იქ თმის ღეროები შერჩენოდა. აგრეთვე ულვაშები და ოდნავ წამოზრდილი წვერი (ერთი დამსწრეთაგანი ამტკიცებდა, რომ მიცვალებულს ერთი თვის განმავლობაში კიდევ ეზრდება წვერი). გოგლა ლეონიძე და პაოლო იაშვილი, სანამ კუბოს თავს დახურავდნენ, ღობის იქით იცდიდნენ, - არ შეგვიძლია ძვლებს შევხედოთო. ილო მოსაშვილი კი საფლავში ჩამდგარი, მესაფლავეებს ეხმარებოდა ძვლების ამოკრებვაში“.


გადასვენებაში ასევე მონაწილეობდნენ სიმონ ჩიქოვანი, ალექსანდრე ქუთათელი, კარლო კალაძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლევან აღნიაშვილი, გრ. ჯაფარიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, მიკოლა ბაჟანი, ბენედიქტ ლივშიცი. გვიან ღამით მწერლების ამ ჯგუფს შეუერთდნენ და ნეშტის დასაფლავებას დაესწრნენ: ტიციან ტაბიძე ცოლით, შალვა აფხაიძე, აკაკი გაწერელია, შალვა დემეტრაძე... თუმცა, როგორც ლევან ასათიანი იხსენებს, ტექნიკური პრობლემების გამო გაჭირდა კუბოს ატანა მთაწმინდაზე. საქმე ისაა, რომ გადასვენების ტექნიკური ორგანიზაცია მიენდოთ ივანე ენიკოლოფოვისათვის (მკვლევარი, დიდუბის და მთაწმინდის პანთეონების დირექტორი მრავალი წლის განმავლობაში), რომელსაც საბარგო მანქანის მაგიერ ცხენიანი ბალდახინი მიეყვანა. ცხენით გადასვენება შეუძლებელი იყო, რადგან უკვე დაგვიანდა და ბალდახინი ნელი სვლით დილამდე მოუნდებოდა მთაწმინდაზე ასვლას.
„გადავწყვიტეთ კუბო „ფორდის“ პატარა ავტომანქანაში ჩაგვედო“, - იხსენებს ლევან ასათიანი, - „მანქანა ერთ-ერთ დამსწრეს ეკუთვნოდა. ცხადია, კუბო არ გაიმართა პატარა სამგზავრო ავტომანქანაში. იძულებული გავხდით, კუბო გარდიგარდმო დაგვედო. მისი ერთი მესამედი გარეთ იყო დარჩენილი. მანქანაში ჩასხდნენ ილო მოსაშვილი, ორი მესაფლავე და წავიდნენ. საწყალი ვაჟა-ფშაველა ასე საცოდავად ჩაკვეტებული მანქანაში, გავაგზავნეთ მთაწმინდისკენ. რატომ ხდებოდა ასე ჩუმად და საიდუმლოდ ეს ამბავი, ვერ ამეხსნა. ჩვენ მოვიპარეთ თითქოს მისი სხეული, რომ ქვეყანას არ გაეგო. Пачему так нищенски все это обставлено? (რატომ არის ყოველივე ეს ასე ღატაკურად მოწყობილი?) - მკითხა გაკვირვებულმა მიკოლა ბაჟანმა.“


ლევან ასათიანის თქმით, მთაწმინდაზე რომ ავიდნენ, კუბო უკვე საფლავის გვერდით დახვდათ დადგმული. უხეირო ფოტოგრაფი ცოდვილობდა სურათის გადაღებაზე. ბენგალის ფხვნილი ნესტიანი აღმოჩნდა და ცეცხლი არ ეკიდებოდა. როგორ იქნა, ბოლოს მოაწყო თავისი აპარატი და გადაიღო სურათი - მწერლების ჯგუფი დგას კუბოსთან.


კუბოს თავი კარგა ხანს ყოფილა ახდილი. გადასვენებაში მონაწილე მწერლებს მიუტანიათ ბევრი ყვავილი.


ლევან ასათიანი: „კუბო გაავსეს ყვავილებით, ბალახით, ხის ფოთლებით. ვაჟას თავის ქალა ძლივს მოჩანდა ყვავილებსა და ფოთლებში. გულგრილი, იდუმალი და ბნელი თვალის ღრუებით მოგვჩერებოდა ის - შორეული და უცხოქვეყნიერი - სრულიად სხვა თაობის, სხვა ადამიანებს“.


კუბოს თავი დაახურეს. მესაფლავეებმა ჩაუშვეს ვაჟა ახალ სამარეში. პოეტებმა მიაყარეს მიწა მის საფლავს. თურმე განსაკუთრებით ირჯებოდა ვალერიან გაფრინდაშვილი, რომელიც მისტიური შიშით შეპყრობილი, სრულიად არ გაჰკარებია კუბოს, სანამ მისი თავი ახდილი იყო. ახლა კი ხელში ვეებერთელა ნიჩაბი დაეკავებინა და გულმოდგინედ ყრიდა მიწას საფლავშიო, იხსენებს ლევან ასათიანი.


...ასე დაკრძალეს ხელახლა ვაჟა-ფშაველა აკაკი წერეთლის სიახლოვეს. საფლავზე დევს დაუმუშავებელი კლდის ნატეხი წარწერით „ვაჟა-ფშაველა“ და ერთი კონა ყვავილი.





radiotavisupleba.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930