13-12-2019
12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ამ მიზეზის გამო სხდომა დღის მეორე ნახევარში აღარ განახლდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის“ ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე.
პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხა. ამის გამო მან, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების თქმით, დარბაზში სუნი მას შემდეგ დადგა, რაც იქ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია გამოჩნდნენ.
თუმცა, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ იღებს და უმრავლესობის დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ტელეკომპანია „იმედმა“ და „მაესტრომ“ კი გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია.
მომხდართან დაკავშირებით Facebook-ზე მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება და სხდომათა დარბაზში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა აიღო.
ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების დაღვრის შემდეგ პარლამენტში რამდენიმე ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.