16-12-2019
მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• მშენებლობა - 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა - 16.4 პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა - 9.7 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა - 3.7 პროცენტი);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა - -19.4 პროცენტი).
2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 475.7 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 72.2 და 115.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის ცნობითვე, III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 129.5 ლარით გაიზარდა და 1 316.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 191.9 ლარი, წლიური ზრდა 0.3 პროცენტი), ასევე მშენებლობის (2 023.5 ლარი, წლიური ზრდა 16.6 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.
2019 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 22.5 ლარით და 1 042.0 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.